საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, “დაზღვევის კომპანია ქართუ” და ასოციაცია “ატუ”, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს მიმართავენ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, “დაზღვევის კომპანია ქართუ” და ასოციაცია “ატუ”, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს მიმართავენ.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ანონსი ეთერიდან უნდა მოიხსნას, რადგან ის სიცრუეს შეიცავს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის, “დაზღვევის კომპანია ქართუს“ და ასოციაცია “ატუს” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის, “დაზღვევის კომპანია ქართუ”-ს და ასოციაცია “ატუ”-ს განცხადება კატეგორიულად მოვითხოვთ დღეს, 2016 წლის 06 მაისს “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ ცილისმწამებლური ანონსი ეთერიდან მოხსნას, რადგან ანონსი შეიცავს აშკარა სიცრუეს და მასში მოხსენიებული კომპანიების და მათი მფლობელის, ბიძინა ივანიშვილის ღისრებისა და რეპუტაციის შემლახველ გამონათქვამებს. ანონსში გამოყენებული ტექსტი, ისევე როგორც ვიდეო მასალა, შეიცავს სიცრუეს, ფაბრიკაციას, ფაქტების უხეშ დამახინჯებას და დაუფარავ მცდელობას, შეცდომაში იქნეს შეყვანილი საზოგადოება. არც ბიძინა ივანიშვილს და არც მასთან დაკავშირებულ კომპანიებს არ აქვთ კავშირი უკანონობასთან და ცილისწამების არცერთ ფაქტთან. თუ კვლავ გაგრძელდება ამ ცილისმწამებლური ფაბრიკაციის ტირაჟირება, ანონსში ნახსენები ორგანიზაციები მიმართავენ სასამართლოს. ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შეისწავლოს, შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსთავი 2-ის ეთერში გაშვებულ ამ ცილისწამებებზე. ანონსში გაჟღერებული ცილისწამება საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიმართ, თითქოს ფონდს ჰქონდეს აღებული ასობით ათასი ლარის კრედიტები სახელმწიფოსგან, შესაბამისად გადამხდელებისგან, არის მტკნარი სიცრუე. თანაინვესტირების ფონდს სახელმწიფოსგან არცერთი თეთრი კრედიტი და შეღავათი არ მიუღია. ანონსში გაჟღერებული მეორე ცილისწამება ეხებოდა დაზღვევის კომპანია „ქართუ დაზღვევას“, თითქოს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციას ევალება „ქართუ დაზღვევასთან“ ხელშეკრულების გაფორმება. ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს ბინძურ სიცრუეს, რომელიც უკვე არაერთი კვირაა ტირაჟირდება რუსთავი 2-ის ეთერში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ტენდერებში დაზღვევის კომპანია „ქართუ დაზღვევის“ წილი შეადგენს მხოლოდ ოთხ პროცენტს. თუ როგორ მუშაობს ყველა ორგანიზაცია ქართუში დაზღვევის მიღებაზე, ამ პროცენტული მაჩვენებლითაც ნათლად ჩანს. ცილისმწამებლურ ანონსში გაჟღერებეული მესამე ბრალდება შეეხებოდა ე.წ. „გლდანის ბიტკოინების“ საწარმოს, თითქოს ეს საწარმო ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ რომელიმე კომპანიას, ამჯერადაც ადგილი აქვს მტკნარ ტყუილს. მეოთხე საკითხი შეეხება ასოციაცია „ატუ“-ს, რომელსაც ბრალდება ტყის გაჩეხვა რაჭაში. საქველმოქმედო ორგანიზაცია „ატუ“-ს 2006 წლიდან მართლაც ჰქონდა ლიცენზია რაჭის ტყეკაფში ტყის ჭრაზე, თუმცა არცერთი კუბური სანტიმეტრი არ ყოფილა გამოყენებული კომერციული მიზნისთვის, მოჭრილი მერქანი მთლიანად მოხმარდა ქველმოქმედებას. ჭრიდან მიღებული ხის მასალა მოხმარდა არა მხოლოდ სოციალურ დახმარებას, დევნილებს, ბაღებსა და სკოლებს, არამედ კახიძის მუსიკალურ ცენტრს, რაგბის სტადიონებს, ოპერას, ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმს, გრიბოედოვის თეატრს, თსუ-ს, სამების ტაძარს და სხვ. ველოდებით ადეკვატურ რეაგირებას გადაცემა „განსხვავებული აქცენტებისა“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: მე დავიწყებ ხალხის ჩემი მხარდამჭერების მობილიზებას ქუჩის საპროტესტო აქციებში
შემდეგი სტატიავინ იქნება ბურჭულაძის საარჩევნო სიაში და რომელი პარტიას ვისთან მართავს მოლაპარაკებას