საქართველოს სჯერა, რომ ნატო, როგორც უსაფრთხოების ეფექტიანი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს მისი წევრების სტაბილურობასა და მშვიდობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის მსმენელებს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს და სამხედრო ატაშეებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში საჯარო ლექცია წაიკითხა, სადაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ არჩევანზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი განსაკუთრებულად მიესალმა კოლეჯის ქართველ კურსანტებს და მათ წარმატებული პოლიტიკური და სამხედრო კარიერა უსურვა.

როგორც საჯარო გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე განსაზღვრა ქვეყნის მომავალი განვითარების მიმართულებად – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, იმის მიუხედავად, რომ იგი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნე იყო.

პრეზიდენტმა იმ უნივერსალური ფასეულობების შესახებ ისაუბრა, რომელიც ნატო-ს ჩამოყალიბებას დაედო საფუძვლად და აღნიშნა, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის მთავარი ინსტრუმენტი და გლობალური უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატომ, როგორც საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, შექმნა უსაფრთხოების ეფექტიანი ქოლგა, რომელიც უზრუნველყოფს მისი წევრი ქვეყნების სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვას. ”საქართველოს სჯერა, რომ ნატო, როგორც უსაფრთხოების ეფექტიანი ორგანიზაცია, უზრუნველყოფს მისი წევრების სტაბილურობასა და მშვიდობას”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის კოლექტიურ სისტემაზე, საფრთხეების დინამიურ გლობალიზაციაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო მისიებში აქტიურად მონაწილეობს და წვრთნისა და აღჭურვის პოლიტიკის გაძლიერებით ზრდის თავის თავდაცვისუნარიანობას. ”საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა გააძლიეროს მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველო მზადაა იბრძოლოს, რადგან ჩვენს ქვეყანას და ხალხს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენ ვიცავთ საერთო ღირებულებებს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა საჯარო გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსული ანექსიური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი თავისი პოლიტიკით ცდილობს რეგიონში არასტაბილური გარემოს შენარჩუნებას. საჯარო გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის კურსანტები დაინტერესდნენ საქართველო – რუსეთის მომავალი ურთიერთობებით, კავკასიის რეგიონში არსებული სხვადასხვა კონფლიქტებით, საქართველოსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობებით. კითხვები დაისვა იმის შესახებაც, თუ, როგორ აისახება რეგიონში არსებული ვითარება საერთაშორისო ენერგოპროექტების განხორციელებაზე.

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას ესწრებოდნენ ასევე, საქართველოს დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველო-რუსეთის საზღვარზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მადლობას უხდის ყველას, ვისი მეშვეობითაც აფხაზეთში დაღუპული გმირები ჩამოასვენეს