საქართველოს პრეზიდენტმა ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ნატოს არაწევრი, მოკავშირე, ევროპული დემოკრატიების წინაშე დგას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩები: დენიელ ფრიდი, ალექსანდერ ვერშბოუ, უოლტერ რასელ მიდი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ბრიუს ჯექსონი, დოქტორები: რიჩარდ ვაიტცი, სტივენ ბლენკი, კენეტ ვაინშტაინი.
გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ისაუბრა და ხაზს გაუსვა ამერიკისა და საქართველოს ძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე, საქართველოს მთავარ და წამყვან როლს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიისას აღნიშნა, ძლიერი და შეუქცევადია საქართველოს მთავრი და უმაღლესი მიზნისაკენ სწრაფვა – დაუბრუნდეს ევროპული ოჯახის ერებს, როგორც წამყვანი ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულყოფილი და სრულფასოვანი ერი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობები.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, მხარდამჭერების კონსოლიდაცია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
“შეერთებულ შტატებში ვიზიტი ბრიუსელის ვიზიტის გაგრძელებაა, იმისათვის, რათა უმაღლეს დონეზე, უმაღლესი მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება და მაღალ სტრატეგიულ რანგში აყვანა მოხდეს. დღეს ჰადსონის ინსტიტუტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს, საუბარი შეეხებოდა სწორედ საქართველო-აშშ-სა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის როლში ყოფნა და ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას, რომ საქართველო უფრო სწრაფად გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
დისკუსიას ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი : „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაგვიანებულია
შემდეგი სტატიაიქნებ რესურსები გამოინახოს, რომ ჟურნალისტებს წვრთნა ჩაუტარდეთ და სწორი მეტყველება შეძლონ – ალიბეგაშვილი