საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს მადლობას უხდის

ევროპული ინსტიტუტების უმაღლესი პირებისადმი გაგზავნილ წერილში პრემიერი ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მას საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად ასახელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

მთავრობის მეთაური, საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დადებით ანგარიშს ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებს და მას საქართველოს დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულების აღიარებად მიიჩნევს.

მისი თქმით, ევროკომისიის საბოლოო ანგარიშში ცალსახად არის აღიარებული, რომ საქართველომ ძალ–ღონე არ დაიშურა რეფორმების გასატარებლად, იგი პასუხობს ყველა კრიტერიუმს და მზად არის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის.

ამასთან, პრემიერ–მინისტრი ხაზს უსვამს ვიზალიბერალიზაციის სიმბოლურ დატვირთვას და მიიჩნევს, რომ მასში საქართველოს მოქალაქეები ხედავენ ევროპული არჩევანის ხელშესახებ შედეგებს, რაც განამტკიცებს მომავალი თაობების ადგილს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კვლავაც მიიღებს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის პროცესის სათანადოდ გაგრძელებისა და ყველა ევროპული ინსტიტუტის მხრიდან დროული თანხმობის მიღების უზრუნველსაყოფად.

banner
წინა სტატიაშიუვიზო მიმოსვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ
შემდეგი სტატიაპუტინი: რუსეთი კუდის ქიცინს არ დაიწყებს სირიასთან დაკავშირებით