საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში 100-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციები და საგაზეთო სტატია.

როგორც ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

ასევე, გაიმართება საქართველოს შესახებ მასშტაბური კონფერენციები ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში; ქართველი ხელოვანების და შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები ევროპის დედაქალაქებში, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ამერიკის კონტინენტზე.

„საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს 100 წლისთავს აღვნიშნავთ მნიშვნელოვანი ღონისძიებებით გაერო-ს სათაო ოფისში, ნიუ-იორკში, სადაც დაგეგმილია შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სადღესასწაულო ღონისძიება. UNESCO-ს უმასპინძლებს ცნობილი ქართველი ხელოვანის, UNESCO-ს მშიდობის ელჩის, ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ ბასიანის ერთობლივი კონცერტს“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მიხეილ ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს სტრასბურგი. 26 მაისს, ევროპის საბჭოში, გაიმართება სახელოვანი ქართველი მეცნიერის, მიხეილ მუსხელისადმი (მიშელ მუსხელი 1903-1964) მიძღვნილი ღონისძიება. მიხეილ მუსხელი სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, რომელიც ერთ-ერთი პირველია იმ მეცნიერებს შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი.

„სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობის შესახებ დღემდე მწირი ინფორმაცია იყო ცნობილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მოძიებულ იქნა მიხეილ მუსხელის სამეცნიერო ნაშრომები, პირადი არქივები, საფლავი ქალაქ სტარსბურგში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ამასთან, მისი განცხადებით, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ნუსხაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ლევილის ქართულ მამულს, სადაც ივნისში, დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართება და სიმბოლურად სამეცნიერო კულტურულ ცენტრის საძირკველს ჩაეყრება საფუძველი. ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას” – “Freedom House”-ის ანგარიში
შემდეგი სტატიაFreedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს