საქართველოს პატრიარქის „მემკვიდრის“ საკითხი რუსეთის პატრიარქ კირილთან შეთანხმებულია?!

საქართველოს პატრიარქის „მემკვიდრის“ საკითხი რუსეთის პატრიარქ კირილთან შეთანხმებულია?!

რომელი ქართველის ხელი ურევია ამ ბაკქანალიაში

 

რუსეთის სპეცსამსახურებმა და ერთმორწმუნე რუსეთის საპატრიარქომ, არც მეტი _ არც ნაკლები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ადგილმონაცვლე შეარჩიეს. დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იმ ბაკქანალიაში, რომელიც ქვეყანაში და გნებავთ, საპატრიარქოში სუფევს, ისევ და ისევ, რუსეთი სარგებლობს. სამწუხაროდ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამ თამაშში ან პირდაპირ არის ჩართული საქართველოს ხელისუფლება, ან მორიგჯერ ასრულებს სასარგებლო იდიოტის როლს.

საპატრიარქოში დატრიალებულმა ბოლო მოვლენებმა არა მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტი შელახა, არამედ ღვთისმსახურთა მნიშვნელოვანი ნაწილის დისკრედიტაციაც გამოიწვია.
იმას, რაც საპატრიარქოში ხდება, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ მართვადი ქაოსი, იმ შედეგის მიხედვით, რაც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი. რუსეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის ეკლესიასთან და კერძოდ, პატრიარქ კირილთან უკვე შეათანხმეს საკითხი საქართველოს პატრიარქის „მემკვიდრის“ შესახებ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის პროვოცირებით, რუსეთის სპეცსამსახურებმა და საქართველოს საპტარიარქოში მისმა უშუალო და გავლენის აგენტებმა, საქართველოს ხელისუფლების უგუნური თანადგომით, შეძლეს ყველა, მეტ-ნაკლებად, გავლენიანი პერსონისთვის ჩრდილის მიყენება და პატრიარქობისკენ მიმავალი გზა დაუკეტეს.
გასაგებია, რომ იმ პირობებში, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ჯერაც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი, შესაძლოა, ვინმემ მკრეხელობადაც კი მიიჩნიოს მის მონაცვლეზე საუბარი, მაგრამ ასე მხოლოდ გულუბრყვილოებს შეუძლიათ ფიქრი.
„დავაკვირდეთ, რა მოხდა მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, _ ფაქტობრივად, დისკრედიტებული აღმოჩნდა მეუფე დიმიტრი, სინოდსა და საპატრიარქოს ადმინისტრაციას დაუპირისპირდა მეუფე პეტრე. მართალია, ავანსცენაზე არ გამოჩენილა, მაგრამ ეკლესიის წიაღში ყველამ იცის, რომ მეუფე დანიელი გაანეიტრალეს. პროცესმა საკმაოდ დააზარალა მეუფე გერასიმეც და ჩრდილი მიადგა არაერთ მღვდელმთავარს“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან საქართველოს ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქი, რომელსაც, ამ ეტაპზე, არ სურს საკუთარი თავის გამჟღავნება, რათა: „შევძლო ეკლესიის მტრებისა და მათი თანამზრახველების სრული გამოვლენა და იდენტიფიცირება“.
თითქოს, იმ პერსონას, რომელიც, ალბათ, „ციანიდის საქმეში“ რეალურად წარმოადგენდა დეკანოზ მამალაძის ვიზავს და, სავარაუდოდ, რომელმაც შეძლო მთელი ამ უგუნურების პროვოცირება, მეუფე იაკობიც მნიშვნელოვნად დაზარალდა და მეტიც, _ მორალურად წაგებულიც კი აღმოჩნდა. ეს, იმის მიუხედავად, რომ დეკანოზი ცხრა წლით გამოკეტეს ციხეში და მეუფეს საპატრიარქოს ქონების განკარგვის უფლება დაუბრუნეს. რამდენიც არ უნდა იწვალოს, აწი შორენაც ვერ იქნება ის გავლენა და ავტორიტეტი, რაც აქამადე ჰქონდა, თუმცა მას პრეტენზია პატრიარქობაზე, გასაგებია, ვერც ვერასოდეს ექნებოდა.
ცივი გონებით დალაგებული ეს ვითარება, თითოეული მეუფის მომხრეებისა თუ მოწინააღმდეგეების ბანაკად სამღვდელოების დანაწვერება და შიდა დაპირისპირება, ცხადია, არც ერთ ჭკუათმყოფელ პერსონას არ აწყობდა.
რბლიად რომ ითქვას, მეუფე იაკობის უკიდეგანო ამბიციები გამოიყენეს დიდი განხეთქილებისთვის, როგორც ეს ბოლო დროს გამოქვეყნებული მასალებიდანაც იკვეთება და არანაირი ციანიდი, როგორც ეს ოფიციალურ ვერსიებში გამოაჩინეს, ბუნებაში არ არსებობდა. ასეთ საქმეებში, რაოდენ გულმხურვალედაც არ უნდა იყოს ჩართული ესა თუ ის პერსონა, რატომღაც, ყველას სჯერა, რომ ის მართალია, რომ მას ვერავინ გააცურებდა და ისიც, რომ მის პატიოსნებაში ეჭვის შეტანა უსინდისობაა. ამ ლოგიკას ნამდვილად უნდა დავეთანხმოთ, რადგან ასეთი სახის სპეცოპერაციებსა და, მით უფრო, „სამეფო კარის“ გადატრიალებებში მონაწილე პერსონების უმეტესობა ხშირად ვერც კი ათვითცნობიერებს, რომ ის უბრალო ინსტრუმენტია _ ჭანჭიკია მავანთა ხელში. და რაც უფრო დიდია პროცესებში ჩართული პერსონის რანგი, მით უფრო შეუვალია მისი ლოგიკა კეთილსინდისიერებისა და სწორად მოქმედების კონტექსტში და ეს არის სპეცსამსახურების წარმატებულობა და „ჭანჭიკების“ უბედურება.
მოვლენებში ჩართულ რომელიმე მონაწილეს _ საქრთველოს ხელისუფლებასა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრს, ან იუსტიციის მინისტრს, ან პროკურატურას, _ მინიმალური პოლიტიკური ალღო რომ ჰქონოდა, მიხვდებოდა, რომ არც ამ საქმის „შეკერვაში“ უნდა მიეღოთ მონაწილეობა და ასე კი არ უნდა გადაერჩინათ „ქვეყანა განსაცდელისგან“, არამედ რეალურად შეეფასებინათ მოვლენები და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ დაეყენებინათ იმ საფრთხის წინაშე, რასაც რუსეთის მიერ საქართველოს მომავალი პატრიარქის შერჩევა ჰქვია, შესაბამისი გამოუსწორებელი შედეგებით.
რა თქმა უნდა, ცივი გონებით მსჯელობისას ისიც უნდა გათვალისწინებულიყო, ვის აწყობდა ეს არეულობა და ვის შეიძლებოდა ენახა სარგებელი? სამწუხაროდ, ჩვენთან ხომ ასეთ ანალიზს არავინ აკეთებს და არც ჰიპოთეტური ვერსიების მოდელირებაზე მუშაობენ. სხვა რომ არაფერი, ქვეყნის სპეცსამსახურები ქვეყანაში უკუდო კუდიანების ძებნით კი არ იქნებოდნენ დაკავებულნი, არამედ უკვე ეცოდინებოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა, რუსეთის პატრიარქ კირილის თანხმობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ადგილმონაცვლედ მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო (მუჯირი) შეარჩიეს და ამჟამად ინტენსიურად მუშაობენ ქართველი სამღვდელოების, კერძოდ, სინოდის იმ წევრებთან, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებისა და საპატრიარქოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.

ცნობები მეუფე შიოს შესახებ:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი; ერისკაცობაში _ ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი; დაიბადა 1969 წლის 1-ლ თებერვალს ქ. თბილისში; ბერად აღეკვეცა 1993 წელს; დიაკვნად აკურთხეს 1995 წელს; მღვდლად ეკურთხა 1996 წელს; ეპისკოპოსად _ 2003 წელს; მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2009 წელს, ხოლო მიტროპოლიტობა _ 2010 წელს;
ნიშანდობლივია, რომ მან 1998 წელს დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე; შემდეგ მოღვაწეობდა თბილისში და 2001 წლის ოქტომბრიდან მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია; პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

ერთი შეხედვით, საკმაოდ ძუნწი ცნობებია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტთან მისი მეგობრობის შესახებ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მას ამ ურთიერთობების გამო არავინ შეარჩევდა საქართველოს მომავალ პატრიარქად.
„არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება მის ბიოგრაფიაში, რომლის შესახებაც ოფიციალურ წყაროებში თითქმის არაფერია ნათქვამი, თუმცა ცნობილია, რომ მეუფე შიო საკმაოდ გაისარჯა დისერტაციაზე მუშაობისას და მას, ამ მიზნით, სპეციალურად რუსეთიდან მოვლენილი სასულიერო პირები ეხმარებოდნენ. ასევე ცნობილია, რომ ამ დისერტაციის დიდი ნაწილი თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიის შესახებ, მონასტრის ისტორიის მკვლევრის მიერ გამოსაცემად გამზადებული წიგნიდან მოიპარა. წიგნი, რომელიც ეპარქიას უნდა გამოეცა, დღესაც მეუფის თაროზე დევს ობმოდებული. ამ ფაქტის შესახებ მეუფეს საჯარო სივრცეში სხვისი ნაშრომის მიმთვისებელი და ქურდიც კი უწოდეს“, _ აცხადებს იერარქი „ქრონიკა+“-თან საუბრისას.
მთავარი კითხვა კი მაინც შემდეგნაირად ჟღერს: რატომ შიო და ვინ მოაგვარა რუსეთის პატრიარქის კარზე ეს საკითხი?
როგორც „ქრონიკა+“-ს იერარქმა განუცხადა (შიოს მომხრეების ჭკუით, ის უკვე მათ „დაამუშავეს“), მეუფეს მოსკოვში კარგად იცნობენ და იგი რუსეთის პატრიარქის კარზე საკმაოდ მიღებულ პერსონად მიიჩნევა, თან ახალგაზრდაა, რაც პატრიარქად ყოფნის ხანგრძლივობასა და მის ილია მეორესთან ერთგვარ იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს, ანუ ხალხს „ადვილად შეუყვარდება“.
„საპატრიარქოს ცალკეულ წრეებში მეუფის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებზეც საუბრობენ. ჩემს დასამუშავებლად მოსულ პერსონას კითხვა დავუსვი: _ რამდენად უტყუარია ინფორმაცია მისი მხარდაჭერის შესახებ და ვინ არის გარანტი? პასუხად მივიღე: _ ლევან ვასაძე“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან საპატრიარქოს იერარქი, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიერ ამ ინფორმაციის საჯაროდ გაცხადებამ შესაძლოა, „გამოაღვიძოს ქართული სამღვდელოება და გამოაფხიზლოს საქართველოს ხელისუფლება, თუ ისინიც არ არიან ამ პროცესებში ჩართულნი“.
ასევე ცნობილია ფაქტი იმის შესახებ, რომ რაინდი ლევან ვასაძე მეუფე შიოს უახლოესი მეგობარია. სწორედ მათი ერთობლივი ბიზნეს- საგანმანათლებლო პროექტია სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებაში „ვასაძის სკოლის“ სახელით არის ცნობილი.
„ვასაძესა და მეუფეს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც არაერთი საერთო ბიზნესინტერესი აქვთ“, _ ამბობს საპატრიარქოს იერარქი.
როგორც ცნობილია, ლევან ვასაძე, ბოლო პერიოდში, იშვიათად, ფაქტობრივად, არ ჩნდება საქართველოში და მით უფრო, საჯარო სივრცეებში. იგი ერიდება ტელეეკრანებს და რაც მთავარია, „რაინდს“, ამ დრომდე, არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მისი ჰიპერაქტიურობა თუნდაც 17 მაისის მოვლენების დროს (რომლის ორგანიზატორადაც სწორედ ვასაძეს ასახელებს საქმეში ჩახედული არაერთი პერსონა). ვასაძე არც სხვა პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი აქტივობების დროს მორიდებია საკუთარი აზრის გამოთქმასა და ერის დამოძღვრას. ერთი პერიოდი, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვასაძე შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც კი გამხდარიყო და საპატრიარქოსთან დაახლოებული პირები აცხადებდნენ, _ მან არაერთხელ მიმართა შუამდგომლობისთვის ილია მეორეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო, განერიდა საპატრიარქოს და რუსეთში წავიდა, სადაც ალექსანდრ დიუგინთან ერთად არაერთხელ ნახეს საჯარი სივრცეში. ვასაძემ, სწორედ რომ დუგინის იდეოლოგიურ გავლენებზე დაყრდნობით, არაერთ საჯარო გამოსვლასა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, წაიკითხა ლექციები. ამ გამოსვლებისას ვასაძის ტექსტები უნისონში მოდიოდა დუგინის ფრაზასთან: „საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რუსეთს ნამდვილი მეგობარი ცოტა ჰყავს, მაგრამ, ამასთან, ეს მოკავშირე ჰყავს, თუმცა არა პოლიტიკური წრიდან. ეს თვითონ ქართველი ხალხია თავისი ღრმა იდენტობით და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია“. ცნობილია ალექსანდრ დუგინისა და რუსეთის პატრიარქ კირილის ახლო ურთიერთობების შესახებ.
კონფიდენციალობის მყარი გარანტიით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღლი სასულიერო იერარქი „ქრონიკა+“-ს ზემოაღნიშნულის შესახებ მოუყვა და დასძინა, რომ შორენა თეთრუაშვილი „ციანიდის საქმეში“ და მთელ ამ პროცესში, სწორედ რომ, ვასაძისგან მიღებულ დავალებებს ასრულებდა.
„შორენამ საკმაოდ კარგად იმანიპულირა არაერთი იერარქით. დაანგრია ნდობა და ურთიერთპატივისცემა საპატრიარქოს შიგნით და ღვთისმსახურებს შორის. ამჟამად საპატრიარქოში ერთმანეთისადმი უნდობლობის ხარისხი არნახულ მასშტაბებს აღწევს. ფაქტობრივად, არავინ საუბრობს არც „ციანიდის საქმეზე“ და უწყინარი გადაწყვეტილებების მიღებაც კი ძალიან გართულებულია“, _ ამბობს „ქრონიკა+“-ის თანამოსაუბრე.
რა სარგებელს ნახავს ვასაძე და, კერძოდ, რუსეთი, შიოს პატრიარქად აღზევებით, რთული გასათვლელი არ არის. მით უფრო, რომ მისი ასაკი, იდეოლოგიური კავშირები რუსეთთან, ცალსახად ცხადყოფს, ასეთ შემთხვევაში, საქართველოში რუსეთის გავლენა არათუ შესუსტდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება თავისი ნეგატიური შედეგებით.
დაბოლოს, „ქრონიკა+“ შეეცადა, მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკითხველისთვის მხოლოდ რეალობა დაგვენახვებინა. და ეს რეალობა აუცილებლად უნდა დაინახოს საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს საპატრიარქოში არსებულმა პროგრესულმა ძალებმა და, რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ.
ცხადი ხდება, რომ ამ მართვადი ქაოსის შექმნით, რომელშიც არათუ სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ საპატრიარქო და ლამის, ყველა მოქალაქე აღმოჩნდა ჩათრეული, სხვა _ მტერი სარგებლობს. ამ ფაქტს სწორი პოლიტიკური, გნებავთ, შორსმჭვრეტელური ანალიზი სჭირდება, რათა საქართველოს საპატრიარქომ, ქართულმა ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა, მთლიანად ქართულმა სახელმწიფომ, ერთხელ და სამუდამოდ მტერს ნიღაბი ჩამოხსნას, არ წამოეგოს მის ანკესზე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს სჭირდება იმ ადამიანებსაც, რომლებიც უკვე წამოაგეს ანკესს და რომელთა მეშვეობითაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დაუმსახურებლად და უსამართლოდ არის გამომწყვდეული სატუსაღოში. ეს სჭირდება ქართულ მართლმსაჯულებას და ეს სჭირდება თითოეულ მართლმადიდებელს.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მან სწორად უნდა გაიაზროს შეცდომები და ახალი შეცდომების გარეშე, მეტ-ნაკლებად, ღირსეულად გამოვიდეს და გამოიყვანოს ქვეყანა ამ ვითარებიდან. სხვა შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ ის არათუ სასარგებლო იდიოტის როლში აღმოჩნდა, არამედ რუსეთის ნების შემსრულებელია ეკლესიის დისკრედიტაციისა და მისი ნგრევის საქმეშიც.
ნამდვილად არ ვიცი, როგორი ამბებია საყველიეში. ბოლოს როგორც გვახსოვს, ვერ იყო ყველაფერი კარგად, თუმცა საყველიე იქით იყოს _ ნიკანდრო ქილიასა და, თუნდაც, მუშნი ზარანდიას სადარდებლად და ჩვენსას რომ ცუდი ამბებია საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოში, ამას ყველანი თვალნათლივ ვხედავთ, _ მოსკოვში პატრიარქის ადგილმონაცვლე შეგვირჩიეს.

წყარო:”ქრონიკა+”
კოკა წერეთელი

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატიაეჭვი მეპარება, რომ სინოდზე დღეს საუბარი ე.წ. ციანიდის საქმეს შეეხოს – ბოტკოველი