“საქართველოს პატარა და ძვირფასო მრევლო, უსმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელ მოწოდებას, ვინც მხრებით გატარებს და ნუგეშს გცემს”

საქართველოს პატარა და ძვირფასო მრევლო, მუდამ ქველმოქმედებასა და აღზრდა-განათლებაზე მზრუნველო, უსმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელ მოწოდებას, მიენდე მას, ვინც მხრებით გატარებს და ნუგეშს გცემს,- ასე მიმართა რომის პაპმა საქართველოს მრევლს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, სადაც წმინდა წირვა მიმდინარეობს.

„ნეტარ არიან ის ქრისტიანული საკრებულონი, რომლებიც ამგვარი სახარებისეული სიწრფელითა და სისადავით ცხოვრობენ. ისინი მატერიალურად ღარიბნი, მაგრამ ღმერთით მდიდარნი არიან. ნეტარ არიან მოძღვარნი, რომლებიც წარმატების ლოგიკას კი არა, სიყვარულის კანონს მისდევენ – მიღებას, მოსმენასა და მსახურებას. ნეტარ არს ეკლესია, რომელიც არც ფუნქციონალიზმის და ორგანიზაციული ეფექტურობის კრიტერიუმებს ენდობა და არც იმიჯის გულისთვის ირჯება. საქართველოს პატარა და ძვირფასო მრევლო, მუდამ ქველმოქმედებასა და აღზრდა-განათლებაზე მზრუნველო, უსმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელ მოწოდებას, მიენდე მას, ვინც მხრებით გატარებს და ნუგეშს გცემს”, – განაცხადა ფრანცისკე პირველმა.

მისივე თქმით, ბავშვებს, ღმერთის გაგება არ უჭირთ და მათ შეუძლიათ ბევრი რამ ასწავლონ უფროსებს.

„მათ შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, კერძოდ ის, რომ ღმერთი დიად საქმეებს იმათთან სჩადის, ვინც მას არ ეწინააღმდეგება, ვინც უბრალო, გულწრფელი და ალალია. ამას გვიდასტურებს სახარებაც, სადაც, დიდი სასწაულები მცირე საგნებით ხდება: რამდენიმე პურითა და ორი თევზით, მდოგვის მარცვლით, ხორბლის მარცვლით, რომელიც მიწაში კვდება, მხოლოდ ერთი ჭიქა წყლის მიწოდებით, ღატაკი ქვრივის მიერ გაღებული ორიოდე გროშით, უფლის მსახურის, მარიამის მორჩილებით. აი, ღმერთის გასაოცარი სიდიადე, ღმერთისა, რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე და რომელსაც უყვარს მოულოდნელობანი. ნურასოდეს დავკარგავთ ღმერთის მოულოდნელი საოცრებების ხილვის სურვილს და მათდამი ნდობას. უნდა გვახსოვდეს, რომ მუდამ და უპირველესად მისი შვილების ვართ – არა სიცოცხლის ბატონ-პატრონნი, არამედ მამის შვილები; არა დამოუკიდებელი და თვითკმარი მოზრდილები, არამედ მუდამ ხელში ასაყვანი შვილები, რომელთაც სიყვარული და შენდობა სჭირდებათ. მაშ, ვითხოვოთ დღეს, ყველამ ერთად, მადლი უბრალო გულისა, რომელსაც სწამს და ცოცხლობს სიყვარულის თვინიერი ძალით; ვითხოვოთ, რომ უშფოთველად და სრულად მივენდოთ ღმერთის გულმოწყალებას”- აღნიშნა რომის პაპმა.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების ოფისში გარდაცვლილი ადამიანის პოვნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება
შემდეგი სტატიაქუთაისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იკრიბებიან