საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ხდება უფრო და უფრო ღრმა – გიორგი კვირიკაშვილი

თბილისი, უკვე მეორედ, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს. ორდღიანი ფორუმის მონაწილეებს დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გვერდში უდგას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე – 9 აპრილი. 28 წლის წინ, ათობით ქართველმა ახალგაზრდამ, საკუთარი სიცოცხლე მიიტანა მსხვერპლად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ხოლო ორი წლის თავზე, 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩათვლით, ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელიც შემდგომ უკვე 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელი პარლამენტის გადაწყვეტილებით დადასტურდა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველო ააშენებს ისეთ მომავალს, რომელზეც ოცნებობდნენ ის ახალგაზრდები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ხედვისა საქართველოს მომავლის და ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება. დიდი იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ სახალხო დიპლომატიის ფორუმი განუყოფელი ნაწილია იმ ინტეგრაციის პროცესისა, რომელშიც საქართველო იმყოფება.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ის, რომ ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმს თბილისი წელს მეორედ მასპინძლობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებას – ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადოს. პრემიერის განცხადებით, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი უფრო და უფრო ღრმავდება.

„ჩვენის მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ შევინარჩუნოთ ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკა და ეს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ხელშესახები შედეგები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და მის აპარატს, ნატო-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილებასა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს და მის ხელმძღვანელს დღევანდელი ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბედნიეროდ, სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ახალი გამოწვევები და სტრატეგიები, ერთმანეთს გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და შევაჯამოთ შედეგები. დღეს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება. ჩვენ ამას მივიჩნევთ როგორც ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ირგვლივ არსებულ ძალიან სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება.

„მხოლოდ ერთობით და მათ შორის, სახალხო დიპლომატიის ძალიან გააქტიურებით შევძლებთ ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის განხორციელებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამინდი ზუსტად ისეთია, როგორც რეგიონში არსებული გამოწვევები, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ამინდი გაუმჯობესდება და სტუმრები თბილისის ულამაზესი ხედებით მოიხიბლებიან.

ორდღიან ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ტაკან ილდემი. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიახმეტასა და ლაგოდეხში უკანონო იარაღი ამოიღეს
შემდეგი სტატიათეთრუაშვილმა მამალაძეს გველის შხამის ყიდვა სთხოვა-ახალი დეტალები ე.წ. ციანიდის საქმეში