“საქართველოს განვითარების ფონდი“ “რუსთავის2”-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “რუსთავის2”-ის საქმესთან მიმართებით წარმოებულ სასამართლო პროცესებს “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი“ განცხადებით ეხმაურება, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე წელში თავისუფალი მედია ისევ საფრთხის ქვეშ დადგა. “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი“ ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან მიმართებით წარმოებულ პროცესებს და სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობას. სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” უერთდება ამ შეშფოთებას და მხარს უჭერს სამაუწყებლო კომპანიას და აღნიშნულ ტელეკომპანიაში დასაქმებულ ყველა ჟურნალისტს და თანამშრომელს.

“პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი აიღოს სასამართლოს კონტროლზე. აქვე მოვუწოდებთ სასამართლო კორპუსს, არ ჩაერიონ პოლიტიკურ ინსინუაციებში, რათა საბოლოო ჩრდილი არ მიაყენონ სასამართლოს დამოუკიდებლობას და რეპუტაციას, არ მოახდინონ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს სრული დისკრედიტირება და საბოლოოდ არ გაცვითონ საზოგადოების ნდობა მოცემული ორგანოსადმი, რომელიც ისედაც ძალიან მყიფეა. მოცემულ საქმეში ხელისუფლების ჩარევით და გაუაზრებელი ქმედებებით ზიანი მიადგება არა მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას და ფინანსურ მდგომარეობას, არამედ აღნიშნულმა შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები იქონიოს ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესსა და ოფიციალურად გაცხადებულ დასავლურ კურსზე.”

banner
წინა სტატიაშისამების საკათედრო ტაძრიდან დიდი ოდენობის ძვირფასი ნივთები მოიპარეს
შემდეგი სტატიამოსკოვის ნაცვლად ანწუხელიძის სახელობის ქუჩა- ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივა