“საქართველოს დღეს პროდასავლური მთავრობა ჰყავს“

news
: news თებერვალი 25, 2016 12:47 განახლებულია

“საქართველოს დღეს პროდასავლური მთავრობა ჰყავს“

დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს დღეს პროდასავლური მთავრობა ჰყავს.

როგორც სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პირველის“ თოქ-შოუ „რვიანში“ განაცხადა, მთავრობისა და პარლამენტის კურსი პროდასავლურია და ეს იმ საქმეებით დამტკიცდა, რომელსაც წინა ხელისუფლება ვერ გააკეთებდა.

„თინა ხიდაშელი ნამდვილად არის პროდასავლური მინისტრი და პროდასავლური ლიდერი, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნაკლებად პროდასავლურია, მაგალითად კვირიკაშვილი ან ნებისმიერი ვიცე-პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩემს თავსაც მივათვლი მათ რიცხვში და ნებისმიერ სხვასაც, რომელიც არის ამ მთავრობის წევრი. დღეს, საქართველოს ჰყავს პროდასავლური მთავრობა, დღეს საქართველოს ჰყავს პროდასავლური პარლამენტი. შეიძლება ამ პარლამენტში იყოს ერთი-ორი ადამიანი, რომელთაც განსხვავებული აზრი გამოუთქვამთ, მაგრამ მთლიანობაში კურსი არის პროდასავლური და ჩვენ ეს დავამტკიცეთ ისეთი საქმეებით, რომელსაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააკეთებდა წინა ხელისუფლება. როდესაც ლაპარაკობ პროდასავლურობაზე და თან ციხეებში ადამიანებს აწამებ, თან აკანონებ სასამართლოს, პრაქტიკულად უუფლებობას, არანაირ პროდასავლურობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. მე ხშირად ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, ცოტა შორსაც მივდივარ ხოლმე და ვამბობ – როდესაც საქართველოს ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც ადამიანების სოციალურ უფლებებს აბსოლუტურად უგულებელყოფდა და ღიად გამოაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომ საქართველოს ჰყავს ლიბერტარიანული მთავრობა, ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ სოციალურ პოლიტიკასთან, რომელსაც ატარებს და კატეგორიულად ითხოვს მისი ყველა წევრისგან ევროკავშირი. ასე რომ ლაპარაკი იმაზე, თითქოს სააკაშვილმა გაკვალა გზა ევროკავშირში და თითქოს მიდიოდა ამ მიმართულებით, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. რეალურად გზის გაკვლევა დაიწყო გაცილებით ადრე. კარგად გვახსოვს, ევროსაბჭოში როდის გაწევრიანდა ქვეყანა. ამის შემდეგ ბუნებრივია, სააკაშვილი

ნაწილობრივ პრაქტიკითაც და ნაწილობრივ რიტორიკითაც აგრძელებდა ამ გზას, თუმცა, ევროკავშირის და ასოცირების გზას ვერ მიაღწევდა წინა ხელისუფლება იმ სოციალური პოლიტიკით, რომელსაც ის ატარებდა ქვეყანაში. ჩვენ შევძელით გარღვევა სწორედ აქ გაგვეკეთებინა. პოლიტიკა, რომელსაც ატარებს დღევანდელი ხელისუფლება, არის ყველაზე მეტად ახლოს ევროპის, ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკასთან”,- აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან პროქართულები და არ არიან პროდასავლურები, ისინი ატყუებენ ქართველ ხალხს.

“დღეს საქართველოს ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება. ხშირად ამბობენ, რომ არც პროდასავლური ვარ და არც პრორუსული. პროქართული ვარ. პროქართულობა დღეს ნიშნავს დასავლეთთან მაქსიმალურ ინტეგრაციას, ეს არის დღეს საქართველოს ინტერესი. პროქართულობა არის დღეს საქართველოს ინტერესის გატარება. საქართველოს ინტერესის გატარება ეს არის საგარეო პოლიტიკაში მაქსიმალური ინტეგრაცია დასავლეთთან, როგორც ევროკავშირთან, ისე ევროატლანტიკურ სივრცესთან, ნატო-სთან, ხოლო ქვეყნის შიგნით არის ამ დასავლური ღირებულებების, დემოკრატიული ღირებულებების რაც შეიძლება მეტად დანერგვა ქვეყანაში. ეს არის პროქართული კურსი ყველაზე მეტად და გულისხმობს, რაც შეიძლება მჭიდრო, სწრაფ, ძლიერ ინტეგრაციას დასავლეთთან. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან პროქართულები და არ არიან პროდასავლურები, ისინი ატყუებენ ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს. რეალურად, პროქართული კურსი ეს არის პროდასავლური კურსი საქართველოში, დასავლური ღირებულებების ერთგულება და ამას აკეთებს მთელი მთავრობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

news
: news თებერვალი 25, 2016 12:47 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics