საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ქვეყნებს შორის – პირველ კალათაში გადაინაცვლა

256A7408საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული ქვეყნებს შორის  – პირველ კალათაში გადაინაცვლა

 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გატარებული ღონისძიებებით საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის მოხვდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშშია ნათქვამი. საქართველომ 1-ლ კალათაში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მთავრობა სისტემატურად ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს. ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ადგილს იკავებს ევროკავშირის  ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა:  ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი და სხვა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შედეგები იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა და შრომის, ჯანმრთლეობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ წარადგინეს.

 

აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ქმედებები. აღნიშნულია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და პოზიტიურად ხაზგასმულია ტრეფიკიორების მიმართ მკაცრი სასჯელების  გამოყენების პრაქტიკა.  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკანონმდებლო ბაზის განვითარებას, კერძოდ, მიგრაციის შესახებ კანონის მიღებას, მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგიისა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, რომლებიც არალეგალურ მიგრაციასა და  ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხებსაც მოიცავს.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია პროგრესი ტრეფიკინგის სრულწლოვან და არასრულწლოვან მსხვერპლთათვის შეთავაზებულ სხვადასხვა სახის სერვისზე, თავშესაფრებსა და კომპენსაციაზე, ყურადღებაა გამახვილებული მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორებზეც, რომლებიც ტრეფიკინგის გამოძიების პირველივე წუთებიდან ჩაერთვებიან საქმეში, კონსულტაციებს გაუწევენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულებს, მიაწვდიან მათ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით.

 

აშშ პოზიტიურად აფასებს კანონს მიუსაფარი ბავშვების შესახებ, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. კანონი სხვა საკითხებთან ერთად ეფექტურად იცავს ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებს ძალადობისა და ტრეფიკინგისაგან.

 

ანგარიშში საუბარია საინფორმაციო კამპანიაზე, რომელსაც სახელმწიფო არასამთავრობო სექტორთან ერთად ტრეფიკინგის ეფექტური პრევენციისათვის ატარებს. აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს მასში როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსის მხრივ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროს მიერ პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველწლიური საგრანტო კონკურსის პრაქტიკას.

 

banner
წინა სტატიაშივაშინგტონის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე სროლის ხმა ისმის
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა