საქართველო ნატო-ს წევრი და PFP ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს

სასტუმრო „Holiday Inn“-ში კონფერენცია თემაზე – „სერჟანტთა პროფესიული განვითარება და აღმშენებლობა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა.

 

კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა სერჟანტთა პროფესიული განვითარების სისტემა იქნება. სამუშაო შეხვედრის მონაწილეები ასევე მიმოიხილავენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა სერჟანტთა კორპუსის პროფესიონალიზაციისთვის.
„შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩამოსულია ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი. შეგვიძლია, ამაყად ვთქვათ, რომ საქართველოს სერჟანტთა სკოლა ვითარდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი შეიარაღებულ ძალებში. შეხვედრა ძალიან საქმიანი და დატვირთული იქნება. სხვადასხვა ქვეყნის სერჟანტები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, უნარ-ჩვევებს და ცოდნას გაუზიარებენ. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს წარმატებული ადგილი უკავია არა მარტო რეგიონში, არამედ, ნატო-ს ქვეყნებს შორისაც,“ – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
დღის ბოლოს სამუშაო შეხვედრის მონაწილე უცხოელი სერჟანტები და ექსპერტები გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ უცხოელ სტუმრებს ცენტრის ისტორიის, სტრუქტურისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
სამუშაო შეხვედრა თემაზე – „სერჟანტთა პროფესიული განვითარება და აღმშენებლობა“ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრა „თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის“ (DEEP) ორგანიზებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. კონფერენციაში აშშ-ის, კანადის, შვეიცარიის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა