საქართველო და მოლდოვა დაინტერესებული არიან, ასოცირებულმა ქვეყნებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობები სამმხრივ ფორმატშიც გამოიყენონ

საქართველო და მოლდოვა დაინტერესებული არიან, ასოცირებულმა ქვეყნებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობები სამმხრივ ფორმატშიც გამოიყენონ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ტუდორ ულიანოვიჩმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრებმა ამ კონტექსტში განიხილეს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტური გამოყენება არა მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, არამედ სამმხრივ ფორმატში, რაც ამ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, DCFTA-ის ეფექტური გამოყენებით ევროკავშირის ბაზაზე მოახდინონ ერთობლივი საწარმოებისა და ერთობლივი პროდუქტების რეალიზაცია.

შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, ორი ქვეყნის შესაბამისმა უწყებებმა განაგრძონ აქტიური მუშაობა ამ ინიციატივის რეალიზაციისათვის. საქართველოსა და მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე ორმხრივი მხარდაჭერა, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე ორივე ქვეყნის წინაშე არსებული საერთო გამოწვევების დაძლევის გზაზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე არსებული ბრწყინვალე თანამშრომლობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და მოლდოვას პროგრესს საერთო მიზნის – ევროპული ინტეგრაციის გზაზე და გამოიხატა მზაობა ამ მიმართულებით შემდგომი კოორდინირებული თანამშრომლობისთვის, როგორც რეფორმების იმპლემენტაციის, ასევე ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან მეტი დაახლოების მიზნით. დადებითად შეფასდა ბალკანეთის მიმართულებით ევროკავშირის შემდგომი გაფართოების განაცხადი, როგორც კარგი გზავნილი და სტიმული ასოცირებული ქვეყნებისთვის განაგრძონ ძალისხმევა ამ გზაზე. საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიულოცა სუამ-ში მოლდოვის თავმჯდომარეობა და გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისთვის მოლდოვის ინიციატივებსა და ხედვებს. მინისტრებმა მიმოიხილეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის საკითხი და მიმდინარე აგრესია.

მათ გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო ფორმატებში რუსეთის აგრესიაზე სათანადო რეაგირებისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და საქართველოში მიიწვია.

banner
წინა სტატიაშივფიქრობთ, ევროპაში საქართველოს შესახებ დღეს საერთო აზრია, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით ვითარდება
შემდეგი სტატიათელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზას, სადაც ბენზინმზიდი აფეთქდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტები შეისწავლიან