საქართველო არჩევანის წინაშე – ენერგოდამოუკიდებლობა თუ ენერგოდამოკიდებულება?!

ემუქრება თუ არა სიბნელიდან გამოსულ ქვეყანას სიბნელე?!
მითი და რეალობა „ილიჩის ნათურის“ შესახებ!
მთავარი – აქვს თუ არა საქართველოს ელექტროენერგიის რესურსი და შეესაბამება თუ არა არსებული ტარიფი მოცემულობას!
უმთავრესი – რა სჯობს ენერგეტიკული დამოკიდებულება თუ დამოუკიდებლობა?!
თემა, რომელიც კარგა ხანია გადაიქცა „საჯილდაო ქვად“, ერთი „უბრალო“ მიზეზით – ენერგიის საკუთარი წყარო, ტარიფის გაზრდას უკავშირდება, საზოგადოება კი ამისთვის მზად არ არის.
ჩვენ, ქართველებმა, ვიცით რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ელექტროენერგია ის სფეროა, სადაც რუსული კომპანიები ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი ქართულ ბაზარზე. კვლევის – „რუსული კაპიტალი ქართულ ბიზნესში“ – ავტორები წერენ: „საქართველოში „ინტერ რაოს“ ეკუთვნის ენერგეტიკის გამანაწილებელი კომპანია სს „თელასის“ 75%, თბოსადგური შპს „მტკვარი ენერგეტიკი“ და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები – „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. მასვე მართვაში აქვს გადაცემული კავკასიაში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური „ენგურჰესი“. საინიციატივო ჯგუფმა გამოიკვლია, რომ 2011 წელს “ხრამჰესის” გაყიდვიდან მიღებული თანხა (99 774 000 ლარი) ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებას მოხმარდა“. ეს არის ერთი მაგალითი კვლევიდან, რომლის წაკითხვა ნამდვილად ღირს. ამ კვლევის მიხედვით, საქართველო თითქმის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთხელაც „ჩვენს მეგობარს“ რომ დაებადოს სურვილი და უარი განაცხადოს ელექტროენერგიის მოწოდებაზე, ჩვენი ქვეყანა ისევ ჩაბნელდება, უკეთეს შემთხვევაში დენს მოსახლეობას გრაფიკით მიაწვდიან.
გერმანიაში როცა წარმოიშვა გაზის მიწოდების პრობლემა, საზოგადოებამ ცალსახად განაცხადა: გვირჩევნია გაიზარდოს ტარიფი და არ ვიყოთ სხვა ქვეყანაზე (რუსეთზე) დამოკიდებულნი, ვიდრე შედარებით დაბალი ტარიფით რუსეთმა მოგვაწოდოს, რუსეთმა, რომელიც არასტაბილური მომწოდებელია. ჩვენ, ქართველებმა ვიცით რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ გაზრდილი ტარიფი, ოჯახის ბიუჯეტს საკმარისად შეამცირებს და ამისთვის მზად არ ვართ.


როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა, როგორ მივაღწიოთ ენერგოდამოუკიდებლობას, რაც პოლიტიკური დამოუკიდებლობის ტოლფასია?! ამ და სხვა თემებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სამინისტროს, სემეკის, სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროსისიტემის კომერციული ოპერატორის, მაღალი კაშხლების საერთაშორის კომიტეტის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის, პროფილური არასაამთავრობო და გარემოს დაცვითი ორგანიზაციების, დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.
ენერგეტიკული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცინცაძე რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, პრობლემა პირველი: „1985 წელს აშენდა ჟინვალის წყალსაცავი. გარემოს დამცველების მხრიდან არ მომხდარა შესწავლა როგორი იყო ამ წყალსაცავის გავლენა რაიონზე, იგივე შემიძლია გითხრათ ენგურთან დაკავშირებით. რა არის ამის მიზეზი? პირველი და მთავარი: საქართველოში აღარ დარჩა არც ერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება რომელიც თემის შესწავლით იქნებოდა დაკავებული, სახელმწიფომ არ გამოთქვა სურვილი დაეფინანსებინა ასეთი სამუშაოები, ამიტომ არავინ იცის დადებითი გავლენა აქვს გარემოზე, თუ ისეთი უარყოფითი გავლენა აქვს, რომ არც ერთი სადგურის აშენებაზე აღარ უნდა ვიფიქროთ. ეს საქმე მისახედია, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები უნდა აღდგეს და ყველაფერზე ჭკუას უცხოელ სპეციალისტებს არ უნდა ვეკითხებოდეთ, მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში ამბის მიმტანი აღარ დარჩა“.
პრობლემა მეორე:
„ყოველდღიურად იზრდება გაზზე, საყოფაცხოვრებო სექტორში შარშან ელექტრო ენერგიის მოხმარება შემცირდა 1,6%-ით, სადაც უდიდესი წილი უკავია გაზიფიცირებას, ანუ ქვეყანა უფრო მეტად გახდა დამოკიდებული აზერბაიჯანულ გაზზე. ეს არის სიმართლე! ამიტომ დავაც კი ზედმეტია იმაზე, რომ ადგილობრივი რესურსები უნდა იქნას გამოყენებული არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებაში, ასევე სითბოს წარმოებაში“.
პრობლემა მესამე:
„რაც შეეხება სავალუტო ფონდთან დადებულ ხელშეკრულებას. ჩვენ იძულებული ვიყავით გაგვეთვალისწინებია სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის მოთხოვნები. ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, ეს არის ორგანიზაციები რომლებთანაც არგუმენტებით საუბარი არის შესაძლებელი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თუ ისინი იტყვიან და „ბეჭედს დაუსვამენ“, ამის შემდეგ არაფერი შეიცვლება. იცვლება! იცვლება იმ შემთხვევაში თუ ქართული მხრე თავის წინადადებას მეტად დაასაბუთებს, მეტი არგუმენტების მოყვანაა საჭირო. აქ ითქვა, რომ საქართველომ აიღო დიდი ვალდებულებები. მართალია, ძალიან ბევრი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებია ხელმოწერილი, მაგრამ არსად არაფერია ნათქვამი, როცა სადგურების მშენებლობა დასრულდება ტარიფები გაიზრდება თუ არა. აი, ეს არის პრობლემა. სავალუტო ფონდს მიწოდებული აქვს შემდეგი ინფორმაცია – ჩვენ სადგურებს ავაშენებთ და დავტოვებთ იგივე ტარიფებს, რაც არის. ამიტომ განაცხადა სავალუტო ფონდმა, თუ თქვენ ააშენებთ სადგურებს და დატოვებთ იგივე ტარიფს, მაშინ თქვენ მეტი არაფერი ააშენოთ, იმიტომ რომ თქვენ ფულის გადახდა მოგიწევთ ბიუჯეტიდან“.
პრობლემა მეოთხე:
„სავალუტო ფონდთან მსგავსი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან არ არის სწორი. სავალუტო ფონდს უნდა ვუთხრათ სიმართლე, ისევე როგორც საზოგადოებას, ნუ მოვატყუებთ ხალხს და ნუ ვეუბნებით რომ ტარიფები არ გაიზრდება, ტარიფები გაიზრდება. იგივე უნდა ველაპარაკოთ სავალუტო ფონდს და დარწმუნებული ვარ ისინი ამას გაიგებენ“.
ენრგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას აზრით: „ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკამ თავის თავზე სოციალური ფუნქცია არ უნდა აღოს. ტარიფის ღირებულება უნდა იყოს ის, რაც რეალურია, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს კარგავს სამუშაო. ყველამ, სახელმწიფოა თუ კერძო, უნდა მიიღოს შესაბამისი უკუგება. გახსოვთ დიდი პერიპეტიები იყო „ენგურჰესის“ ტარიფის მომატებაზე. რეალურად გამოდიოდა რომ სწორედ „ენგურჰესის“ ხარჯზე ტარიფს არ ვზრდიდით. ფაქტიურად, მოსახლეობა ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ „ენგურჰესის“ ტექნიკური პარამეტრების გაუარესების ხარჯზე, მოგვეხდინა ტარიფის შენარჩუნება. არ შეიძლება საუბარი იმაზე რომ ტარიფი არ გაიზარდოს, ბუნებრივია არაფრით არ იყო გამართლებული მსგავსი დაპირება ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით. მეტსაც გეტყვით, იყო ლოზუნგი წყალი უფასო გავხადოთო. იყო ასეთი პოპულისტური განცხადებები, რაც არჩევნების ციებ-ცხელებას უკავშირდებოდა და ეს არ სეიძლება. შეჭირვებული ოჯახებისათვის, ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს დახმარება და არა ენერგეტიკის ხარჯზე. დეკლარილებულია 120 ჰიდროსადგური, მაგრამ რეალურად არ ხდება მშენებლობა. გარდა ამისა, პრობლემაა ბაზრის წესებში ხშირი ცვლილება, ეს ფუნდამენტალური პრობლემაა, რომელიც ცვლის ინვესტორის გამნწყობას ქვეყანაში ყოფნის ან პროექტის გაგრძელებისათვის“.
დარეჯან მეფარიშვილი

პ.ს. „თაიმერი“ ამ დღეებში შემოგთავაზებთ ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის ავტორობით, რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ეხებოდა „ენგურჰესს“.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: მთელი ქვეყანა ძალადობამ და კრიმინალურმა ანგარიშსწორებამ მოიცვა
შემდეგი სტატია(ვიდეო) ეს იყო ნეპოტიზმი – ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის კომპანიისა და მერიის ურთიერთობაზე