საქართველო ან იმართება დემოკრატიულად ან საერთოდ არ იმართება – გრიგოლ ვაშაძის პირველი მიმართვა ამომრჩეველს

“მინდა, გულწრფელი გულისტკივილი გამოვხატო 4 დაღუპული მაღაროელის გამო. აღარ გათავდა საქართველოში ეს უბედურება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთად დავამთავრებთ ქართველების გენოციდს,” – გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა საკუთარი გამოსვლა ოფიციალურად წარდგენის შემდეგ სამძიმრით დაიწყო. მან მწუხარება გამოთქვა მინდელის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით.

გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ოპოზიციურ პარტიებს მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვის

„რაც შეეხება ჩვენ თავყრილობას, ჩვენს ოპონენტებს წაკითხული არა აქვთ “დონჟუანი”, თორემ ეცოდინებოდათ, რომ კომოდორი მოვიდა უკვე,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება, განახლდეს სახელმწიფოს მსვლელობა, სწრაფი ეკონომიკური პროგრესის გზით.

„საქართველიო ან იმართება დემოკრატიულად ან საერთოდ არ იმართება,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და თქვა, რომ პირველი ნაბიჯი ეროვნული კონსესუსის უკვე გადადგმულია, რადგან მოხდა გაერთიანება.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ უმთავრესი არის ის, რომ გაქრეს შიში არასტანდარტული ნაბიჯების მიმართ და დასრულდეს პასიური მდგომარეობა.

„ყველა იცის, ვინ ახრჩობდა ოპოზიციას, თითქმის, 6 წელი, მაგრამ ის, რომ 6 წელი გავატარეთ მოხრჩობილ მდგომარეობაში, ეს უკვე ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალი არის, ჩვენი უინიციატორობის, ჩვენი ფობიების, ხალხთან გაწყვეტილი კავშირის გამო და რაც მთავარია, ერთმანეთის უნდობლობის გამო და ეს უნდა დამთავრდეს, რადგან ძალა ერთობაშია,“ -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მათ უნდა იბრძოლონ არა ხმებისთვის, არამედ ამომრჩევლის გააზრებული არჩევანისთვის.

გრიგოლ ვაშაძემ საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობასა და ეკონომიკურ კრიზისებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე მოახლოებული არჩევნები საქართველოსთვის უმთავრესია და ეს გამოწვევები დაუყოვნებლივ ქმედებას მოითხოვს.

გრიგოლ ვაშაძემ სამართლიანობის საერთო პრინციპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.

„კატეგორიულად ვეუბნებით “არას” კორუმპირებულ მთავრობას, მონურად მორჩილ პარლამენტს, უსამართლო სასამართლოს და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქართული ოჯახი ვერ იპოვის მართლმსაჯულებას. ყველა ჩვენი საქმეა, გირგვლიანის ოჯახი იქნება თუ სარალიძის, ეს მთლიანად ქართული საქმე არის. ნუ დაველოდებით იმას, სანამ ეს ჩვენს შვილებს შეეხება და და ყველა, ვინც ამაში დამნაშავე არის, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა ციხეში,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპიროვნება, ვისთვისაც უმთავრესია ადამიანი, კულტურული გარემო და კანონიერი სახელმწიფო, ეს გახლავთ ბატონი გრიგოლ ვაშაძე – პაატა ბურჭულაძე
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე საქართველოს თითოეული მოქალაქის პრეზიდენტი იქნება – გიორგი ვაშაძე