საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს

საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ფორუმს 32 წევრი ქვეყნიდან 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის, მისი მემკვიდრეობის გაცნობისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EPA-ის ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის – “ქვეყნებში კულტურული მარშრუტების რუკების“ შემუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევა და რუკის შემუშავება – მეფინგი. ეს არის კულტურული მიმართულებით საქართველოს ნამდვილი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობები სრულად იქნება დატანილი ევროპის კულტურულ რუკაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელსაც ჩვენ ახლა ვდგამთ და დარწმუნებული ვარ, ევროპა აბსოლუტურად აღიარებს იმას, რომ საქართველო თავისი კულტურით ჭეშმარიტად არის ევროპის ნაწილი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი : პრეზიდენტი გაიბუტა და გაიქცა
შემდეგი სტატიათხოვნით მივმართავ მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი