საქალაქო სასამართლოში იგორ გიორგაძის პროცესი დაიწყო

უხმაურო ვითარებაში საქალაქო სასამართლოში, ყოფილი უშიშროების მინისტრის და ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი იგორ გიორგაძის სასამართლო პროცესი დაიწყო.

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ ედუარდ შევარდნაძეზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით მისჯილი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360” გრადუსი” ავრცელებს.

როგორც გადაცემის წამყვანმა, ემა ტუხიაშვილმა განაცხადა, უხმაურო ვითარებაში საქალაქო სასამართლოში, ყოფილი უშიშროების მინისტრის  იგორ გიორგაძის სასამართლო პროცესი დაიწყო. გადაცემის წამყვანის ინფორმაციით, საქმე ეხება 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტს, რომელიც, ბრალდების მტკიცებით, იგორ გიორგაძემ და მისმა მომხრეებმა ედუარდ შევარდნაძეს მოუწყვეს.

”დაცვის მხარემ დაგვიდასტურა აღნიშნული ინფორმაცია და ამ თემასთან დაკავშირებით მათ ორშაბათს ჩვენს გადაცემაში ველოდებით. მანამდე კი რამდენიმე საინტერესო დეტალის თქმა შეიძლება. იგორ გიორგაძის საქმეზე მოსალოდნელია, რომ დაიკითხონ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, როგორც ამ საქმის გამომძიებელი და ამჟამინდელი გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, როგორც იმ დროს ამ საქმის პროკურორი. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო პროცესი გიორგაძის რეაბილიტაციისკენ მიდის, რაც მას საქართველოში ჩამოსასვლელად და საარჩევნო პროცესებში ჩართვისთვის სჭიდება”, – განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

გადაცემაში ”360 გრადუსთან” სატელეფონო კომენტარი გააკეთა გარემოს დაცვის მინისტრმა. როგორც გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, ამ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი, განაჩენია დამდგარი.

”თუ ვინმეს რამეზე დავა უნდა, სასამართლო გზით იდავებს ალბათ. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, დემოკრატიული. პოლიტიკაში დაბრუნება რას ნიშნავს არ ვიცი, მაგალითად საარჩევნოდ ხმის მიცემაც პოლიტიკაში მონაწილეობაა, კენჭისყრაც პოლიტიკური მონაწილეობაა, პასიურიც და აქტიურიც ორივე ადამიანის უფლებებია. ვისაც კანონიერი უფლება აქვს, მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) გურანდა გაბუნია:უზურდელო გაჩუმდი!
შემდეგი სტატიაუკრაინული ინტერნეტ გამოცემა “აპოსტროფი” “ბუტოვკის” მაღაროს მეომართან, ქართველ ანდრო სხულუხიასთან ინტერვიუს აქვეყნებს