საქალაქო სასამართლო საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეეფარდების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების მიმართ, პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ”თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

”2016 წლის 21 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების ნ. ა.-სა და ა. დ.-ის მიმართ, პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდათ გირაო, თითოეულს 5000-5000 ლარის ოდენობით.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ორივე ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახ უკანონო დაკავება, ხოლო ნ. ა.-ს ბრალად ედება ასევე მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, ხოლო ა. დ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ. ა.-მ და ა. დ.-მ, ოქროყანის გზაზე, მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით, გააჩერეს ავტომობილი, სადაც მძღოლთან ერთად ისხდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები. მათგან ერთ-ერთმა პოლიციას გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რასაც მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება. შედეგად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ისე რომ არ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაკავების შესაბამისი რომელიმე საფუძველი, ბრალდებულების სახით დააკავეს ავტომობილის მგზავრები. პოლიციის თანამშრომელმა ა. დ.-მ მიწაზე დაწოლილ ერთ-ერთ დაკავებულს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ნ.ა.-მ განზრახ დაიზიანა სამსახურებრივი ფორმა, რომელიც თითქოსდა წინააღმდეგობის გაწევის დროს დაზიანდა.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდებულები ცხადდებიან საგამოძიებო ორგანოში, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ჰყავთ ოჯახები, არ არიან ნასამართლევნი, შესაბამისად არ არსებობს მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები არ იმყოფებოდნენ დაკავებაში, თუმცა საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხის არსებობის გამო, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პირობებშიც მიღწევადია აღკვეთის ღონისძიების მიზნები.

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მისი გამოტანიდან 48 საათში. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2016 წლის 31 მაისს 12:00 საათზე”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებლ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ბელორუსი არავის ხელის ბიჭი არ იქნება“
შემდეგი სტატიამარკ ცუკერბერგი, პრისცილა ჩანი, კრისტინ ლაგარდი და ლეონადრო დი კაპრიო 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდნენ