საქალაქო სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ღია სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარეებს და ნაფიც მსაჯულებს მათი უფლება-მოვალეობები განუმარტა. მსაჯულებს მიეცათ განმარტება გამოსაყენებლი კანონის თაობაზე, ასევე განემარტათ, რომ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მათ ეკრძალებათ საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სასამართლო პროცესს მიღმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. დღესვე, წილისყრის საფუძველზე შეირჩა უფროსი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, მსაჯულის მოვალეობის პატიოსნად და მიუკერძოებლად აღსრულების თაობაზე.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. შესავალი სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

მომდევნო სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით 13 ივნისს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშირატომ გააკეთა თავდაცვის სამინიმსტრომ განცხადება “ანაკონდასთან” დაკავშირებით ორი დღის დაგვიანებით
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში: სამწუხაროა, რომ ლევან ბერძენიშვილის საუბარი ქარდავას და დავითაის დაემსგავსა