“საფრანგეთში არასოდეს შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ”

აფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ჟერარ ლაშერს შეხვდა.

საფრანგეთის სენატის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის რესპუბლიკის გვარდიის საპატიო ყარაულის პირადი შემადგენლობა და კავალერია მონაწილეობდა.

შეხვედრისას მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარ ლაშერმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას და პრეზიდენტი შეტყობინებებიდან ნათელი გახდა, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე რუსეთთან ურთიერთობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გავლენას მთელს რეგიონზე.

“საქართველოს პრეზიდენტს ძალიან ზომიერი და პრაგმატული ხედვა აქვს რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელშიც საქართველოს უდიდეს როლს ასრულებს და მათ შორის “აბრეშუმის გზის” პროექტზე. რა პოლიტიკური ხედვის ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს საფრანგეთში არასოდეს შეიცვლება საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში”, – განაცხადა ჟერარ ლაშერმა.

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით კი, გამოიკვეთა საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია, რომ მიუხედავად რთული საერთაშორისო კონტექსტისა საფრანგეთი ამჩნევს, მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანაა და განწყობილნი არიან მაქსიმალური მხარდაჭერისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით.

“როგორი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მათ ნებაზე, ვიმეორებ, რთულია საერთაშორისო კონტექსტი, მაგრამ საქართველოს მიმართ, მათი დამოკიდებულება არის გამორჩეულად პოზიტიური, და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ, რომ რეალურ შედეგზე გავიდეთ”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2318 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაhaqqin.az – საქართველოში აზერბაიჯანული დელეგაცია არ შეუშვეს