საოკუპაციო ხაზის გასწრივ ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში 430 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება.

უწყების ცნობით, 84 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ჯამურად 2 881 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და შიდა-ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ოქრომელიძემ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ზერტში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, ლეილა ტიელიძის ბაღის გაშენების პროცესი დაათვალიერეს.

ლეილა ტიელიძე პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 7 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 70 ათასი ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

მიღებული დაფინანსებიდან 65 115 ლარი ნერგებზე ხოლო 4 885 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

შიდა ქართლში: გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში 430 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი და ნუში გაშენდება.

უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში პროექტ დანერგე მომავლის ფარგლებში 16-მა ბენეფიციარმა უკვე 74 ჰა. ფართობის ხეხილის ბაღები გააშენა.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1292 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,4 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.

მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50% -ს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

banner
წინა სტატიაში,,რესპუბლიკური პარტია” კოალიციიდან არ გადის და არ ვიცი კიდევ რა ენაზე ვისაუბრო ამ საკითხზე”
შემდეგი სტატიადიღომში, ძლიერი ქარის შედეგად სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა