,,სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას, გინებას”

სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას, უცენზურობას, გინებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, არა რიტუალები, არამედ დიდი სიყვარული, ღრმა სარწმუნოება და სიმდაბლე, საკუთარი უღირსების შეგრძნება არის საწინდარი იმისა, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეგვისრულოს.

“ხშირად არის მიღებული ჩვენთან – წადი მოიარე 12 ეკლესია ან ფეხშიშველი იმოგზაურე ან რაღაც რიტუალები შეასრულე. ჩვენ ხშირად გვგონია, რომ მართებული, სწორი რიტუალებით ცხოვრება განაწყობს ღმერთს ჩვენსკენ და სათნო არის ეს უფლისთვის. სინამდვილეში ეს ასე არ არის. რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, ან მოგცემს მხოლოდ მინიმალურს თავისი სიყვარულის გამო, მაგრამ დიდ მადლს და წყალობას – არა. ამაზე დავფიქრდეთ, რამე ხომ არ არის ჩვენს ცხოვრებაში ისეთი დღეს, რაც უნდა შევცვალოთ, როცა ვევედრებით უფალს – ეს იქნება პირადი საკითხები თუ საქვეყნო. როდესაც გვაქვს სიძულვილი, უხეშობა, უსიყვარულობა ჩვენს გულში, უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება არ იყოს სიძულვილი, მაგრამ იყოს გულგრილობა. ხშირია და რა სამწუხაროა, როდესაც მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ჩვენ ვეხებით ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, დიდი უხეშობას, უცენზურობას, გინებას. შეიძლება იფიქროს ადამიანმა, რომ აფექტში საუბრისას შეიძლება კიდევ წამოცდეს რაღაც ადამიანს, მაგრამ როდესაც წერს სოციალურ ქსელში და ტექსტი სავსეა ლანძღვით, გინებით, სიძულვილით, შეიძლება რომ ასეთი ადამიანის გულში მადლი იყოს?! – რა თქმა უნდა, არა. მან შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც თვითონ ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში, ეს მონობაა. თავისუფლება არის, როდესაც ჩვენ დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე და ვღებულობთ ღვთის მადლს”,- განაცხადა მეუფე შიომ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, არდაგანის ტბაში ცხედარს ეძებენ
შემდეგი სტატიაკანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება