სამხედრო პოლიციელებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს

სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. როგორც “თაიმერს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისში, თვალჭრელიძის ქუჩა ნომერ 5-ში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უსწრაფესად იმოქმედეს და უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი და ორი ქალბატონი მახლობელ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილებით გადაიყვანეს.
უწყების ინფორმაციით, დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ისინი მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებენ.
“ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში სამხედრო პოლიციის 16 თანამშრომელი მონაწილეობდა. მომხდარის შესახებ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს, საპატრულო პოლიციას და გაზმომარაგების კომპანიასაც მათვე აცნობეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფაქტს ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-3 განყოფილება სწავლობს. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობამ 16-ვე თანამშრომელი წაახალისა და მადლობა გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშირიჩარდ ლუგარი: მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა
შემდეგი სტატიაგორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მგელმა ცხრა ცხვარი დაგლიჯა