სამი კვირის ანალიზმა აჩვენა, კლუბებიდან სასწრაფო დახმარების გამოძახების ფაქტები გახშირდა

კლუბებში საგამოძიებო მოქმედება, ჩხრეკა ჩატარდა და არა სპეცოპერაცია, რაც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ყოველგვარი პროცედურების დარღვევის გარეშე ჩატარდა, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბოცვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ კლუბებში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა.

„ჩვენთან მოთანამშრომლე ობიექტმა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად თანხა კლუბის მიმდებარედ გადასცა ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც კლუბში შევიდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაბრუნდა, ნარკოტიკული საშუალება მოგვიტანა, გადმოგვცა და თანხის ნაწილი, ე.წ. ხურდა დაგვიბრუნა, რაც პირდაპირ მიუთითებს და ადასტურებს ფაქტს, რომ ამ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა“, – განაცხადა ბოცვაძემ.

როგორც ბოცვაძემ აღნიშნა, ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ როგორც ბოლო პერიოდის სამი კვირის ანალიზმა აჩვენა, კლუბებიდან სასწრაფო დახმარების გამოძახების ფაქტები გახშირდა, რაც, ძირითადად, ნარკოტიკულ ინტოქსიკაციასთან იყო დაკავშირებული.

„ამ კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ძირითადი საფუძვლები ეს იყო“, – განაცხადა ბოცვაძემ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ორივე კლუბიდან, დაახლოებით 34 ლოკაციიდან იქნა ამოღებული და ნივთიერებებთან დაკავშირებით შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზაა დანიშნული, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.

„ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ინფორმაციას ნარკორეალიზატორების, მსხვილი გამსაღებლების შესახებაც მოვიპოვებთ. ამ კუთხით გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე გვაქვს დაწყებული, რომლის მსვლელობისა და შედეგების შესახებ ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ვერც იმას გეტყვით, რა ტაქტიკით ვმოქმედებთ და როგორია ჩვენი მიმართულებები, მაგრამ ცალსახად და ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა ბოცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიშოთა შალელაშვილი: ამ ეტაპზე საქართველოში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია დაუშვებელია
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – დაცვის მხარეს დღეს ნივთმტკიცებულებებს გადასცემენ