სამეგრელოში სახელმწიფო და ქურდული სამყარო თანამშრომლობენ და საქმეში აფხაზი კრიმინალებიც მონაწილეობენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, გივი თარგამაძის განცხადებით, სამეგრელოში სახელმწიფო და ქურდული სამყარო თანამშრომლობენ და საქმეში აფხაზი კრიმინალებიც მონაწილეობენ. გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლასთან ერთად ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება დაიწყო. “ამჯერად საქმე ეხება სამეგრელოს რეგიონს. სისტემა აქაც იგივეა – მისი ძირითადი მოთამაშე რეგიონული ხელისუფლება, ამ შემთხვევაში სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული ლევან შონია, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი – ხვიჩა ცხაკაია და რეზო ლაზიშვილი (ზედმეტსახელად ბუდოკი) არიან. ბოლო დრომდე ცენტრს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ტრადიციული სახე, სიმამრი თამაზ თამაზაშვილი წარმოადგენდა. თუმცა, არსებობს გარკვეული განსხვავებაც. ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვის გათვალისწინებით, სქემაში ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ჩართული და საქმეში აფხაზი კრიმინალებიც მონაწილეობენ, მათი წარმომადგენელია თემურ გვასალია, ხოლო შუამავალი ყოფილი “ტყის ძმების” მეთაური დათო შენგელია”, – განაცხადა გივი თარგამაძემ. დეპუტატის მტკიცებით, მათი თანამშრომლობის საგანი თხილის ბიზნესი და კონტრაბანდაა. “ჯგუფმა თხილის გადამამუშავებელი ქარხნები საოკუპაციო ხაზის მიღმა გალის რაიონში გახსნა და ჩასაბარებელი ფასის განსხვავებაზე თამაშით, სახელმწიფო ბიუჯეტის ავლით, მნიშვნელოვანი თანხა იშოვა. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსეთის ბაზებიდან სამეგრელოს რეგიონში კონტრაბანდური წესით კარაქი და რძის ნაწარმი გადმოაქვთ, ხოლო უკან კი თხილი და მინერალური წყალი მიაქვთ. 2015 წლის მაისში აფხაზი კრიმინალების მოთხოვნით, გალის რაიონში გაიგზავნა რეანომობილი, რომელმაც თემურ გვასალია გადმოიყვანა. შეთანხმების თანახმად, გვასალიასთვის უნდა ემკურნალათ და თურქეთის ტერიტორიაზე გადაეყვანათ. ამისთვის მას ჯერ სხვა სახელსა და გვარზე ყალბი “აფხაზური პასპორტი”, ხოლო შემდეგ კი ნეიტრალური დოკუმენტი გამოუწერეს. შუამავალი დათო შენგელია იყო, ხოლო უსაფრთხოებას საკუთარ თავზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია იღებდა. ამ “მომსახურებისთვის” მათ 600 000 დოლარი აიღეს. როგორც ჩანს, თანხაც და ინფორმაციაც ვიწრო წრეში გავრცელდა. შედეგად, საქმეში ანტიტერორისტული ცენტრი ჩაერია და რეანემობილი დააკავეს. როგორც ჩანს, საქართველოში კვლავაც აქტუალური გახდა შევარდნაძის ეპოქის დროინდელი ძალოვანი სტრუქტურების (უშიშროების სამსახური – შსს) ქიშპობა და დაპირისპირება”, – აღნიშნა გივი თარგამაძემ. უმცირესობის წევრის თქმით, თემურ გვასალიას ბრალი კანონიერი ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა. “ბრალდების თანახმად, გვასალიამ ქურდულ სამყაროს წევრობა აღიარა და ის, რომ მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას იღებს ქურდულ გარჩევებში, ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს და იჩენს აქტიურობას მისი მიზნების განსახორციელებლად. გარდა ამისა, 2015 წლის 14 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოუღეს 0,35728 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რისი მოწმეებიც იყო პოლიციის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გამოძიებას მისცეს შესაბამისი ჩვენება. თემურ გვასალიას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და პროკურატურამ განაგრძო ძიება. თითქოს ყველაფერი გასაგებია და გვასალიასთვისაც სასამართლოს შესაბამისი განაჩენი უნდა გამოეტანა, მაგრამ მოულოდნელად 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ გააუქმა აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა და ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. ამის მიზეზი იყო ის, რომ კანონიერი ქურდობის ბრალდების ნაწილში საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა ერთმანეთთან შეუთანხმებელი საეჭვო, არასარწმუნო მტკიცებულება. მარტივად რომ ვთქვათ, სამი პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა და სასამართლომ 15 შეუსაბამისობა დაადგინა. დაუჯერებელია, რომ სამ პოლიციელს თვენახევრის განმავლობაში დაევიწყებოდა საქმის დეტალები და ასეთი შეუსაბამისი ჩვენებები მიეცათ. უპრიანია ვივარაუდოთ, რომ საქმეში ლევან შონიას მფარველი – მაშინდელი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი ჩაერივნენ და პოლიციელებმაც ჩვენება შეცვალეს. ანალოგიურად, კანონიერი ქურდობის მიმართულებით პროკურატურამ შესაბამისი ღონისძიებები არ განახორციელა, რათა გვასალიას კრიმინალურ სამყაროს კუთვნილება დაემტკიცებინა”, – აღნიშნა გივი თარგამაძემ და დასძინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საოლქო პროკურორი გიზო უბილავა ლევან შონიას ქვისლია. მისივე მტკიცებით, ასევე, ლევან შონიას ახლობელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა. “აღსანიშნავია, რომ ბატონი ხარებავა ერთხელ უკვე მოხსნეს ამ თანამდებობიდან, რის შემდეგაც ლევან შონიას ძალისხმევით გადაიყვანეს მესტიის, ხოლო შემდეგ კი აბაშის რაიონული საამმართველოს უფროსად. ბოლოს კი პირვანდელ თანამდებობაზე დააბრუნეს. პროკურატურის ძალისხმევის შედეგად თემურ გვასალია გაათავისუფლებს და ლევან შონიაც პირვანდელ გეგმას დაუბრუნდა. პრემიერის ცვლილების მოუხედავად, ლევან შონია კვლავაც თანამდებობაზეა, რაც იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ძველი სისტემით ახალი მოთამაშეები ისარგებლებენ და შედეგი იგივე დარჩება. შედეგი კი გაზრდილი კრიმინალი, დაუძლურებული სახელმწიფო სტრუქტურები, კორუფცია და გაძლიერებული ქურდული სამყაროა. ამ ყოველივეს კი თითოეული მოქალაქე თავის თავზე გრძნობს”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიინტერპარტიული ჯგუფი პრეზიდენტს ხვდება
შემდეგი სტატიამამუკა კაციტაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრის თემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება