“სამართალდამცველებს მოვუწოდებთ, “აუდიტორია 115″-ის წევრები ძალისმიერი მეთოდით გააძევონ”

თსუ-ს თვითმმართველობის წევრები, სამართალდამცველებს უნივერსიტეტიდან “აუდიტორია 115”-ის წევრების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში პრესკონფერენცია გამართეს.

სტუდენტები უნივერსიტეტიდან “აუდიტორია 115”-ის წევრების გაყვანას ძალისმიერი მეთოდებით ითხოვენ.

თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ბახვა კვირიკაშვილის განცხადებით, “აუდიტორია 115”-ის წევრების ქმედებები უკვე ყველა ზღვარს გასცდა.

მისი თქმით, ისინი უნივერსიტეტში დაძაბულობას ქმნიან, ამიტომ როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურებმა, ისე სამართალდამცველებმა, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.

“მათი ქმედებები მიმართულია არეულობისკენ, არ გააჩნიათ სამართლებრივი ბერკეტები. ქმნიან დაძაბულ სიტუაციას, ერთგვარ ოკუპანტებად იქცნენ, თანაც “აუდიტორია 115”-ში შეკრებილნი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც რეალურად, თსუ-ს სტუდენტები არ არიან. სამართალდამცველ ორგანოებს მოვუწოდებთ, ძალისმიერი მეთოდებით გააძევონ ისინი უნივერსიტეტიდან და ასევე, დადგეს მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს, ამ პროცესების მიმართ, არასწორი პოლიტიკა აქვს.

თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი პროცესებში ომბუდსმენის ჩართვასაც ითხოვს და აღნიშნავს, რომ აუცლებელია უჩა ნანუაშვილი თავად მივიდეს უნივერსიტეტში და სიტუაციაში გაერკვიოს, რის შემდეგაც შესაბამის ქმედებებზე გადავა.

“გონივრულ ვადას ვაძლევთ, როგორც შიდა საუნივერსიტეტო სტრუქტურებს, ისე სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტში ინსტიტუციური პროცესი გაგრძელდეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებს
შემდეგი სტატიარობი უილიამსის თბილისური ფოტოები