სამართალდამცველები მერაბ სააკაშვილის სახლში ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ

კახეთში, სოფელ სანიორეში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის სახლი გაჩხრიკეს. სამართალდამცველები მერაბ სააკაშვილის სახლში ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ. პოლიციელებმა ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ცარიელი ვაზნა ამოიღეს.

სააკაშვილების ოჯახი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მათ ზეწოლასა და დაშინებას ცდილობს.

მერაბ სააკაშვილის თქმით, ის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს იყრიდა და მისი შვილი გამგებლის თანაშემწის პოზიციიდან სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერისთვის გაათავისუფლეს.

ოჯახი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ მერაბ სააკაშვილის კუთვნილი ოფიციალურად გაფორმებული სანადირო თოფი აქვთ.

სააკაშვილები მიიჩნევენ, რომ ჩხრეკა არაკანონიერად ჩატარდა, რადგან პოლიციამ შესაბამისი ორდერი არ წარადგინა.

ამასთან, განცხადებას აკეთებენ “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მიიჩნევენ, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაშინებას ამ ფორმით ცდილობს.

ამ დროისთვის სააკაშვილების ოჯახის წევრი არკადი სააკაშვილი ადგილობრივ პოლიციაში დაკითხვაზეა გადაყვანილი, რადგან სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ვაზნები მისი საკუთრებაა. ფაქტს ადასტურებს არკადი სააკაშილი და აცხადებს, რომ ცარიელი ვაზნები მას რეზერვში მუშაობის დროიდან აქვს შემორჩენილი, თუმცა ირწმუნება, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არასდროს უტარებია.

შეინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლით აღიძრა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიქალაქ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადიდთოვლობისაგან დაზარალებული წყალტუბოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს