სამართალდამცავებმა კარების ჩამტვრევისთანავე ესროლეს ჩემს შვილს

ძალიან მძიმეა ჩემი შვილის მდგომარეობა, ექიმები არ გვაძლევენ იმედს და გვეუბნებიან, მხოლოდ სასწაული გადაარჩენსო, – ამის შესახებ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თერმილან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს სამართლებრივ ბრძოლას, რადგან მიაჩნია, რომ მისი შვილის მიმართ არსებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამართალდამცავებმა კარების ჩამტვრევისთანავე ესროლეს ჩემს შვილს. ამის შემდეგ გარეთ დაგვაწვინეს და არ მოგვცეს მისი ნახვის საშუალება. ჩაგვკეტეს ოთახებში და არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დაჭრის შემდეგ ერთ საათში გადაგვიყვანეს საავადმყოფოში.

ჩემს სახლში გასაჩხრეკი არაფერი ყოფილა, არასდროს გვქონია იარაღი, ხოლო ხელყუმბარა ჩადებულია. როგორ წარმოგიდგენიათ, ბალიშის ქვეშ ამოიდებდა ვინმე ხელყუმბარას?! რაც შეეხება მისი თურქეთში ყოფნის მიზეზს, მე თვითონ წავიყვანე თურქეთში ჩემი შვილი თხილის დასაკრეფად. ჩემი შვილი 19 წლისაა, ახმედ ჩატაევს საიდან უნდა იცნობდეს?! თუ ჩემი შვილი იყო ეჭვმიტანილი, ან სადმე დაებარებინათ, ან სადმე აეყვანათ, ჩემთვის ეთქვათ და მე თვითონ მივიყვანდი, 18 წლის ბავშვს საწოლში ესროლეს. ეს ხდება თქვენთან, საქართველოში, სხვაგან ასეთი რამ არ ხდება. ამ პლანეტაზე თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ. რატომ გაწირეს ჩემი შვილი?!“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სუს-მა გუშინ 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული არასრულწლოვანი დააკავეს
შემდეგი სტატიარატიანის საქმე – სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყება