სამადაშვილი : საქართველომ უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, რომ სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

საქართველომ უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, რომ სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო – ეს უნდა გაკეთდეს ინდივიდუალურ რეჟიმში, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დაველოდოთ რომელიმე სხვა სახელმწიფოს და გარდა ამისა, გამოცდილებაც იმას აჩვენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართოს ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე განაცხადა. სხდომაზე განიხილება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მას კონკრეტული შეკითხვები აქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათ შორის იმის შესახებ, აპირებს თუ არა საქართველო განაცხადის გაკეთებას ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით და ასევე იმ მოვლენებზეც, რომელიც კვირას რუსთაველის გამზირზე განვითარდა.

“დღეს მთავარი შეკითხვაა, რას ელოდება ჩვენი საზოგადოება ხელისუფლებისგან. ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გახდება შეუქცევადი, რის შესახებაც ყველაზე ადეკვატური პოლიტიკური განცხადება არის ოფიციალური განაცხადის გაკეთება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. შესაბამისად, ჩვენთვის პირველი შეკითხვა არის ის, აპირებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მსგავსი განაცხადის გაკეთებას და თუ არ აპირებს, რატომ არ აპირებს. დოკუმენტი, რომელსაც წარმოგვიდგენენ, ჩემი აზრით, არის საკმაოდ ბევრის მომცემი ევროკავშირთან ტექნიკური დაახლოების თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური გზავნილი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მე სწორედ ამასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა მინისტრთან. გარდა ამისა, მაინტერესებს მინისტრის აზრი იმასთან დაკავშირებითაც, რომ კვირას საქართველოს ქუჩებში ფაქტიურად, ევროპული იდეა დამარცხდა, როდესაც ახალგაზრდები, რომლებიც ითხოვენ ევროპულ მომავალს ამ ქვეყნისთვის, მოხდა მათი ევაკუირება ფაშისტური ჯგუფებისგან დასაცავად. მაინტერესებს, რას ფიქრობს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ჯგუფების თარეშზე ჩვენს ქვეყანაში და რა ზომები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მიხეილ ჯანელიძე ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ბანკიც პარტიის თავმჯდომარის ჭჯუაზე დადის?
შემდეგი სტატიასისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვისაც ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა აღმოაჩნდება მანქანაში, სახლში თუ ჯიბეში