თუ გვინდა, ვიზალიბერალიზაციას ქონდეს შედეგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის, მაშინ მათ არ უნდა დავაკარგვინოთ საქართველოს მოქალაქეობა

სალომე ზურაბიშვილი - არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეები პრაქტიკულად აღარ არსებობენ, – ასეთი კომენტარი გააკეთა გადაცემა 2030-ში სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, როგორ უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაცია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიეცეთ უვიზო გადაადგილების საშუალება და არის თუ არა ეს პოზიტიური შანსი აფხაზებსა და ოსებთან კავშირის აღდგენისთვის.

„ეს შანსი არ არსებობს და არ იარსებებს. დავუბრუნდები ჩემ ყველაზე საყვარელ, ანუ პასპორტების და მოქალაქეობის თემას. ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით, პრაქტიკულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მოქალაქეები აღარ არსებობენ. ჩვენი კანონმდებლობა, კონსტიტუცია დღეს აცხადებს, რომ თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო საქართველოს მოქალაქემ, იმთვითვე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. იმედი მაქვს, რომ ამას შევცვლით. ეს თუ არ შეიცვალა სასწრაფოდ, ჩვენ პრაქტიკულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვკარგავთ საქართველოს მოქალაქეებს“,-აღნიშნა დიასპორებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, საუბარი არ არის იმაზე, სურთ თუ არა მათ საქართველოს მოქალაქეობა.

„ეს არის იურიდიული საკითხი. ჩვენ თუ გვინდა, ვიზალიბერალიზაციას ქონდეს შედეგი იმისა, რომ გაუჩნდეთ ეს სურვილი, მაშინ პირველ რიგში მათ არ უნდა დავაკარგვინოთ საქართველოს მოქალაქეობა. ჩავთვალოთ, რომ ვინც ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, როცა ჩატარდა რეფერენდუმი, ყველანი არიან საქართველოს მოქალაქეობის პოტენციური მატარებლები, ეს პასპორტები უკვე პრაქტიკულად მზად უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სახლში. რომელიმემ რომ მოინდომოს, ჩამოვიდეს თბილისში პასპორტისთვის, სახელმწიფო უნდა იყოს მზად. ისინი ჩვენთვის უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ანა-ბანა, თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას, იქ მაცხოვრებელ ადამიანებს. მაშინ ჩნდება ის მოლოდინი, რომ ამ პასპორტით შეძლებ ადვილად ჩასვლას ევროპაში“,-აღნიშნა ზურაბიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია და ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს ყველაფერი.

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების შესახებ, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო კომიტეტები ორი კვირაა, რაც მუშაობენ და ჯერ ყველაფერი საწყის ეტაპზეა.

„იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობას კანონზე. კომიტეტში უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ ვმუშაობთ ერთიან კანონზე, რომელიც მოიცავს ყველა საკითხეს, რომლებიც აწუხებს დღევანდელ დიასპორას. მე მივიჩნევ და ეს უნდა გავიზიაროთ, რომ მოქალაქეობა არის ყველაფრის საწყისი. თუ ისინი აღარ იქნებიან მოქალაქეები, მერე ფრაგმენტულად რომელიმე უფლების დაცვა, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად ჩანს. ჩვენ ასევე დავიწყებთ ძალიან მალე ურთიერთობას დიასპორულ ორგანიზაციებთან და საკონსულოებთან, რომ მათგან გავიგოთ, რა არის მთავარი პრობლემები, რომლებიც უთუოდ უნდა შედიოდეს ასეთ გლობალურ კანონმდებლობაში. მზად ვართ და გავალთ ბოლო დეტალებამდე, ამაში დარწმუნებული ვარ. ვიცი, რომ არის ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი საზღვრების გარეთ, არის საკმაოდ მხარდაჭერაც. მაქვს იმედი, რომ ეს არის ისეთი საკითხი, როემლზედაც ედგება რაღაც კონსენსუსი სხადასხვა პარტიების მხრიდან“,-განახცადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
შემდეგი სტატიაინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს