სალომე სამადაშვილი : რუსეთი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს და არის კიდეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით და მის მიერ გატარებული პოლიტიკით

რუსეთი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს და არის კიდეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით და მის მიერ გატარებული პოლიტიკით, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას.

სალომე სამადაშვილის თქმით, რუსეთი ძალიან წარმატებით ახორციელებს თავის პოლიტიკას საქართველოში.

„ეს ძალიან კარგად დავინახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშიც, რადგან პირდაპირ მოუწია საქართველოს ხელისუფლებას დაფიქსირება, რომ რუსეთი აძლიერებს საკუთარ გავლენას საქართველოში. არანაირი ხედვა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამ გამოწვევასთან დაპირისპირებისთვის არ აქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რუსეთი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს და არის კიდეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით და მის მიერ გატარებული პოლიტიკით, რადგან საკუთარ პოლიტიკურ ამოცანებს რუსეთი საქართველოში წარმატებით ახორციელებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ ზახაროვას განცხადება არის ადეკვატური პასუხი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე.

„რუსეთმა ძალიან კარგად გაიგო, რომ მას არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის და არც ადამიანების გატაცებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებიდან. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გზავნილი უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიო. გზავნილი იქნებოდა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შეწყვეტა იქამდე, ვიდრე არ მოხდებოდა ტატუნაშვილის მკვლელობაზე ადეკვატური რეაგირება რუსეთის მხრიდან; გზავნილი იქნებოდა საერთაშორისო სანქციების დაწესების მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტმა ცარიელი ქაღალდი მიიღო, რომელსაც არანაირი ზეგავლენა არ ექნება პროცესებზე. რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან ადეკვატურად შეაფასა, რომ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა მას არ მოუწევს და შესაბამისად, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება ურთიერთობები, ამას ხელი შეუწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებამაც“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„რუსეთი ოკუპანტია!“ – საოკუპაციო ხაზთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაუნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ პროპაგანდის ომის წინაშე ვართ – პრეზიდენტი