სალომე სამადაშვილი : ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რა დაემართა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს

ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რა დაემართა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მომხდარი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ჩვენთაგანი დაუცველია.

,,ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს საერთაშორისო საზოგადოებისთვის თუ რა დაემართა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს. რაც მოხდა პირველ რიგში აჩვენებს იმას, რომ ყველა ჩვენთაგანი არის სრულიად დაუცველი და აღმოჩნდა, რომ ქუჩიდან ადამიანის გატაცება შესაძლებელი გახდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანას აქვს ვალდებულება დაიცვას აქ მყოფი ყველა უცხოელის უფლებები. დაცვის ვალდებულება ქვეყანას აღებული აქვს ყველა საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე. ეს არის, რა თქმა უნდა, უზარმაზარი დარტყმა ამ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის და საერთაშორისო იმიჯისთვის, რადგან საერთაშორისო ჟურნალისტებს განგაში აქვთ ატეხილი. არაერთმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მომწერა, მათ შორის, ვინც ევროპაში და დასავლეთში მუშაობს. ისინი განმარტებას გვთხოვენ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება გადასცემს ჟურნალისტებს სავარაუდოდ, იმ ადამიანებს, რომელთა ხელშიც მათ ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებათ. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა ამ ყველაფერზე. მოუწევს პასუხის გაცემა რაც შეიძლება სწრაფად. არა მარტო ოპოზიცია, არამედ საერთაშორისო საზოგადოება ელოდება განმარტებას, რა მოხდა რეალურად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძის აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზე გადაწყვეტილება სუს-მა კი არა, სხვა პირმა მიიღო
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: აფგან მუხთარლის გატაცების პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას