საკრებულოსთან დაკავებული კიდევ 11 პირი დარბაზიდან გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის საკრებულოსთან გუშინ დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებებისა და ვიდეოკადრების საქმის მასალებში დართვა მოსთხოვა.

პროცესის დაწყებამდე სასამართლოში ხმაური იყო. ნაციონალური მოძრაობის წევრები სასამართლოს მანდატურებს დაუპირისპირდნენ. ისინი სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ.

გამოძიება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

მანამდე, სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, რომელზეც საკრებულოსთან დაკავებული სამი პირი გაათავისუფლეს. მოსამართლემ ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებების ნაკლებობაზე მიუთითა და ვიდეოკადრების დართვა მოითხოვა.

ორივე სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო. გუშინდელ აქციაზე, სულ 14 ადამიანი დააკავეს.

გუშინ თბილისის საკრებულოსთან მყოფ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შენობაში შესვლისა და სხდომაზე დასწრების საშუალება პოლიციამ არ მისცა. საკრებულოს შენობასთან გუშინ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

თაბორის მთასა და პუშკინის სკვერში დაგეგმილ სადავო პროექტებს მოგვიანებით საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” ფოთის მერობის კანდიდატმა 2012 წელს თანხა ნაციონალებს, 2016-ში კი ოცნებას შესწირა
შემდეგი სტატიარუსეთმა შესაძლოა ერთ–ერთი ამერიკული საკონსულო დახუროს