საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანიშნული სხდომა ჩაიშალა

საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანიშნული ფრაქციის სხდომა მეხუთედ ჩაიშალა.

ფრაქციის სხდომაზე მერიის სატრანსპორტო და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელები იყვნენ დაბარებული. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს კითხვები მამუკა მუმლაძესთან და სერგო ბირკაძესთან პარკირების სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, საზოგადოებას აინტერესებს, გაძვირდება თუ არა მანქანის გაჩერება დედაქალაქის ქუჩებში, დაიყოფა თუ არა თბილისი ზონებად და „სითი პარკთან“ სასამართლოს წაგების შემთხვევაში, მზად არის თუ არა თბილისის მერი კახა კალაძე, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გადაიხადოს კომპანიის პირგასამტეხლო მილიონობით ლარი თბილისის ბიუჯეტიდან.

„ის, რომ ისინი არ მივიდნენ დღეს ფრაქციის სხდომაზე ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ კახა კალაძეს და მის მთავრობას არ აქვთ პასუხები. მათ ძალიან ეშინიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მწვავე კითხვების. ისინი არღვევენ კანონს, არღვევენ რეგლამენტს, რომელსაც არ აქვს ახსნა-გამართლება და ამაზე აუცილებლად მოუწევთ ადრე თუ გვიან პასუხისგება“, – განაცხადა ნადირაძემ.

საკრებულოს უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის წარმოდგენებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ოპოზიციას შესთავაზეს ჯანსაღი დილოგი, თუმცა მათგან მიიღეს დესტრუქცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

„ასეთი ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა არის პოლიტიკური რისკი ჩვენი გუნდისთვის. მიუხედავად ამისა, გადავდგით ნაბიჯები და არაერთხელ შევთავაზეთ კონსტრუქციული თანამშრომლობა, მაგრამ მათი პოლიტიკური გუნდის მხრიდან არ გადაიდგა არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი. რჩებიან ისევ დესტრუქციაში და პოლიტიკურ დემაგოგიაში. კანონი არ ირღვევა. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ასეთ ორგანიზაციასთან არანაირი საერთო არ გვაქვს და არ ვაპირებთ თამაშრომლობას არც მთავრობის დონეზე, არც ქალაქის საკრებულოს დონეზე“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ხმაური დმანისში – ოპოზიციის წარმომადგენლებს ადგილზე არ უშვებენ
შემდეგი სტატიაგუდაურში დაშავებულ ტურისტებს მომავალ წელს საქართველოში დასვენება სურთ