საკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს და იუსტიციის მინისტრისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერისა და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, სამწუხაროდ, შეიცავს ფაქტობრივად მცდარ ინფორმაციას და პოლიტიკურად მოტივირებულ კრიტიკას.

პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს, აქვთ უფლება, გამოთქვან კრიტიკული მოსაზრებები სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მათ აქვთ ვალდებულება, გაეცნონ და სათანადოდ შეისწავლონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობის შეფასების ერთადერთ და საუკეთესო კრიტერიუმს წარმოადგენს მისი გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკას როგორც 2012 წლამდე, ასევე ბოლო 3 წლის განმავლობაში. ასევე, შევახსენებთ მათ, რომ 2012 წლამდე არსებითად განხილული კონსტიტუციური სარჩელებიდან, დაახლოებით 60%-მდე შემთხვევაში საქმე მოსარჩელის სასარგებლოდ და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თუ სხვა სახელისუფლებო ორგანოს საწინააღმდეგოდ დასრულდა.

საკუთარ განცხადებებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა მიუთითეს, რომ ნაციონალური მოძრაობის და სამაუწყებლი კომპანია რუსთავი 2-ის ყველა კონსტიტუციური სარჩელი ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, რომლის გადაწყვეტილებებიც არის მიკერძოებული.

ბოლო პერიოდში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ოთხი კონსტიტუციური სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. ოთხივე შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. აქედან ერთი კონსტიტუციური სარჩელი არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. აღნიშნული ცხადად აჩვენებს, რომ განცხადება, თითქოს პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კონსტიტუციური სარჩელები განსახილველად ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, მოკლებულია ფაქტობრივ საფუძველს, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დისკრედიტაციას.

რაც შეეხება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიისთვის გადაცემას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებში შინაარსობრივად მსგავსი სამართლებრივი პრობლემებია დაყენებული და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში მათი გადაწყვეტა ხდება ერთი კოლეგიის მიერ. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის არც ერთ კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და განცხადება, რომ მათი გადაწყვეტის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულია, შეიძლება აღქმული იქნეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიატერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ დახვრიტილი რუსეთის მოქალაქე ჩეჩენია