საკონსტიტუციო სასამართლო მანანა კობახიძეს პასუხობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის მიერ “რუსთავი 2”-ის სარჩელთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შეჩერებას ახდენს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედებამ, მოსარჩელე პირის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები.
“საკონსტიტუციო სასამართლომ “ტელეკომპანია საქართველოს” კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N681) საფუძველზე, შეაჩერა სადავო ნორმის მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიემართებოდა მხოლოდ მოსარჩელეს და მასთან დაახლოებულ სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ პირებს, ანუ მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვით ან ელექტრონულ საშუალებებს, რათა ერთი მხრივ, შესაძლებელი ყოფილიყო კონსტიტუციური სარჩელის ავტორის უფლებების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები რისკი დარჩენილიყო სხვა პირთა კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერის სრული ვერსია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 2015 წლის 26 ნოემბერს და მასში ვრცლად არის მითითებული ყველა ის საკანონმდებლო საფუძველი და მოტივაცია, რასაც ეფუძნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ზემოაღნიშნული საოქმო ჩანაწერის მიღების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიკერძოებულობის შესახებ გარკვეული კითხვების არსებობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა დააყენა შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 1/3/681 განჩინებაში ამომწურავად იმსჯელა და გასცა პასუხი ამ საკითხებზე. დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გაეცნოს აღნიშნული განჩინების ტექსტს და მიიღოს სრულყოფილი პასუხი ყველა შესაძლო კითხვასთან დაკავშირებით”, – აცხადებს გიორგი ლომთაძე.
ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებულ იმ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა, რომელიც დროებითი მმართველის დანიშვნის ნორმის შეჩერებას ეხება. კობახიძის თქმით, სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საკითხი ერთი იურიდიული პირის პრიზმაში განიხილა. კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო მორგებულია “რუსთავი 2”-ის სუბიექტურ ინტერესებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ფილიპ ვუჟანოვიჩს მონტენეგროს ნატო-ში გაწევრებისათვის მიწვევას ულოცავს
შემდეგი სტატიაშვეიცარიის ელჩი: ტერორიზმი არის საფრთხე, რომლის წინააღმდეგაც ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს