,,სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ზოგჯერ ”ქოფი ფეისტით” არის გადატანილი არასამთავრობოების მოსაზრებები”

საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან მიმართებაში სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, – ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა რადიო ”პალიტრის” გადაცემაში ”მეხუთე სართულზე” სტუმრობისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ ანგარიშში ზოგჯერ ”ქოფი ფეისტით” არის გადატანილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

”ანგარიშში პოზიციები ძირითადად მოყვანილია ასეთი ფორმულირებით – როგორც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაცამ განაცხადა… ანუ, კონკრეტულად თავად კი არ მიაჩნიათ, რომ ასეა, არამედ მოყვანილი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და პოზიციები. ვფიქრობ, კონკრეტულად ამ ანგარიშთან მიმართებაში არის ძალიან სერიოზული სამუშაო. საელჩოს დონეზეც უნდა მოხდეს განხილვა შესაბამისი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ყველა დეტალი იყოს კარგად გაშიფრული და თავად საერთაშორისო დონეზეც უნდა გაკეთდეს განცხადება. მეორე მხრივ, თავად საელჩოს თანამშრომლებმაც უნდა ახსნან კონკრეტულად ამ ანგარიშში თუ რომელი ნაწილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრება და რომელ ნაწილშია მოყვანილი ფაქტების კონსტატირება, რომელიც აქედან გადაიგზავნა არასამთავრობო სექტორის მხრიდან”, – განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.
კახიშვილი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს ანგარიშს „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, სადაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ დადებითად არის საუბარი. მისი თქმით, ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ პენიტენციური სისტემის რეფორმასა და პრობაციის სისტემის რეფორმაზე, ყოველთვის პოზიტიურად აშუქებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს.

”მეტიც, ცალსახად ჩაწერეს ანგარიშში, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება. მეტსაც გეტყვით, გარდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შეფასებისა, იქ ძალიან ბევრი იყო ნათქვამი მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. პატიმართა საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და დავიდა რეგიონულ ნორმებამდე. ამასთან, ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების რაოდენობით უფრო დადებით ადგილზე ვართ, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები. განახევრდა პატიმრების რაოდენობა. ასევე, ჯანდაცვაზეა ყურადღება გამახვილებულ და სხვა მიმართულებებზე”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველო მიიწევს კეთილდღეობისკენ, პოლიტიკური სტაბილურობისკენ”
შემდეგი სტატიათუ „რესპუბლიკელებს“ პრობლემა აქვთ, რომ თანამდებობებზე დიდხანს დარჩნენ, ეს მთელი პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ვერ იქნება