სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ადასტურებენ, რომ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის პირადი დაცვის დეპორტაცია მოხდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის პირადი დაცვის უკრაინიდან დეპორტაციას ადასტურებენ. როგორც სდსს-ში აცხადებენ, ექს-პრეზიდენტის შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის პირადი დაცვა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია, უკრაინულმა მხარემ ქვეყანაში, ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზების გამო არ შეუშვა. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის ვაჟი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ მშობლებს ჩაბარდა.

„ამ ეტაპზე, შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დეპორტაციის მიზეზების მოკვლევა. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აცხადებენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი შვილი ბორისპოლის აეროპორტში გუშინ, თანმხლებ პირად დაცვასთან ერთად დააკავეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ მისი შვილი უკრაინაში შეუშვეს, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, მისი შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, თვითმფრინავში ჩასვეს და უკრაინიდან გაუშვეს.

banner
წინა სტატიაშიედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები საქართველოში გერმანიის ელჩს მიმართავენ
შემდეგი სტატიათბილისის მერია – 13 ნოემბრიდან თბილისის ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება