საყდრისის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, უნიკალური ძეგლი – ფიტარეთის მონასტერი RMG Gold-ის მიერ დაზიანებულია

საყდრისის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, უნიკალური ძეგლი – ფიტარეთის მონასტერი RMG Gold-ის მიერ დაზიანებულია.

როგორც პრესკონფერენციაზე საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, 10 დღის უკან, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის დაცვითი ზონის ტერიტორიაზე გამოჩნდა RMG Gold-ის მუხლუხოიანი ტრაქტორი, რითაც გარკვეული სამუშაოები განახორციელა. ნინო ბურჭულაძის განცხადებით, მძიმე ტექნიკის სამუშაოებმა ვიბრაცია გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა მონასტრის მარჯვენა გალავანი.

“გალავანს ბზარი გაუჩნდა, ასევე, ჩამოცვივდა ქვები. დაზიანებულია მეცნიერულად შეუსწავლელი ისტორიული ხარო, რომელსაც სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს აკლდამად”, – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

ნინო ბურჭულაძე მოითხოვს, აიკრძალოს ნებისმიერი სამუშაო მონასტრის ტერიტორიაზე და შემოწმდეს გალავნის დაზიანების ხარისხი.
ნინო ბურჭულაძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს მიმართავს, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოების კანონიერებით დაინტერესდეს.

“RMG Gold-ის დირექტორს ჯონი შუბითიძეს მივმართავთ, განმარტოს, როგორ აღმოჩნდა კომპანიის ტექნიკა მონასტრის ტერიტორიაზე, არსებობდა თუ არა ნებართვა და თუ ასეთი ნებართვა არსებობდა, რატომ არ ჩაუტარდა პერსონალს შესაბამისი ინსტრუქტაჟი ძეგლის უსაფრთხოების საკითხზე. ასევე ველოდებით მონასტრის წინამძღვრის განმარტებას, რატომ არ ჰქონდა კომუნიკაცია საპატრიარქოს შესაბამის სამსახურთან. გარდა ამისა, რადგანაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებასთან, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვითხოვთ მკაცრ რეაგირებას კულტურის მინისტრისგან. გვაინტერესებს, რა უნდა დაემართოს ფიტარეთის მონასტერს, რომ მიხეილ გიორგაძემ ხმა ამოიღოს ძეგლის დასაცავად. ჩვენ ვგეგმავთ, საპროტესტო აქციის ჩატარებას კულტურის სამინისტროსთან და იმედი გვაქვს, ჩვენს მოთხოვნებს გიორგაძის გადადგომის მოთხოვნაც არ დაემატება”, – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

საყდრისის კომიტეტის წევრებმა ჟურნალისტებს მონასტრის დაზიანების ამსახველი ფოტო მასალა წარუდგინეს.

banner
წინა სტატიაშიკახა ცისკარიძის საარჩევნო სლოგანი „კახა ბერი-კახა მერი“ იქნება
შემდეგი სტატიარუსთავში ცხოველის წამების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა