სახალხო დამცველის განცხადება ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაყვანილ ლ.-ო.-ს შემთხვევასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

საქართველოს სახალხო დამცველისთვის 2016 წლის 26 ივლისს ცნობილი გახდა ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაყვანილი ლ.ო.-ს შესახებ, რომელიც სახალხო დამცველის რწმუნებულმა დაუყოვნებლივ მოინახულა. ლ.ო. სახალხო დამცველის მიერ შედგენილ ოქმში ადასტურებს, რომ ა.წ. 26 ივლისს ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთ კაფეში მეგობრებთან ერთად სვამდა ყავას, რა დროსაც, პოლიციის თანამშრომლებმა დაუძახეს და დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ნარკოლოგიური ტესტირების მიზნით. მან უარი განაცხადა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, თუმცა, დაკავებულის განმარტებით, იგი პოლიციამ დააკავა 11:15 წუთზე და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრისას, 15:00 სთზე, იგი კვლავ დაკავებული იყო ნარკოლოგიური შემოწმების ცენტრში.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის ვიზიტის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში დაკავებული პირი გაათავისუფლა პოლიციამ.

მიუხედავად დამდგარი შედეგისა, ზემოაღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება“, საქართველოში კვლავ სერიოზული ყოველდღიური პრობლემაა, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ თავისუფლების ხელშეუხებლობას, პირადი ცხოვრების, პიროვნების ღირსების და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მიუხედავად საქართველოს სახალხოდ დამცველის არაერთი მოწოდებისა, რომ მსგავსი პრაქტიკა აღმოიფხვრას, პოლიცია კვლავ განაგრძობს მანკიერ პრაქტიკას.

თავისთავად ის ფაქტი, რომ შემოწმების მიზნით პოლიციას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გადაჰყავს პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე არაერთ სამართლებრივ გარანტიას არღვევს. საქართველოს სახალხო დამცველმა ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა სარჩელი, სადაც მოითხოვა საქართველოს კანონმდებლობის იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, თვითნებურად, პირი დაუქვემდებარონ ნარკოტესტირებას.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ პრობლემას არა მხოლოდ საკონსტიტუციო სარჩელით გამოეხმაურა, არამედ, გამართა შეხვედრები და საჯარო დებატები არასამთავრობო სექტორის და სახელწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, „რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით და მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული არა პიროვნების დასჯაზე, არამედ მისი რეაბილიტაციასა და მკურნალობაზე“.

კიდევ ერთხელ, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რათა ამით მოქალაქეს არ შეეზღუდოს თავისუფლება, პირადი ცხოვრება, ღირსება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი : მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ჭორაობს
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევის მიხედვით , 2012 წლის არჩევნების შემდეგ 51% – მდგომარება არ შეცვლილა, ხოლო 17% – უკეთესად