სახალხო დამცველი – სასტუმროს უსაფრთხო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

სახალხო დამცველი სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უჩა ნანუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაზარალებულებს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

„როგორც ცნობილი გახდა, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. პირველ რიგში, გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას მოთხოვნილი იყო თუ არა აღნიშნული წესების დაცვა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ. თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობის და ფუნქციონირების ნებართვა გასცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი აქამდეც არაერთხელ მუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უასფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ.

„სასტუმროს უსაფრთხო ფუნქიონირებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც. აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთოების წესების დაცვის მიზნით შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას და იმედს გამოთქვამს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია სალოსის გამზირზე – მერიის ლაბორატორიამ ბინების შეფასება ჯერ ვერ შეძლო
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი – „ლეოგრანდში“ კიბე სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა