სახალხო დამცველი – საგნის – “მე და საზოგადოება” სწავლება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს სრულად შეესაბამება

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საგნის – “მე და საზოგადოება” სწავლების მიზნები ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას სრულად შეესაბამება.

სახალხო დამცველი საგნის – “მე და საზოგადოება” სასწავლო გეგმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულმა ახალმა საგანმა – “მე და საზოგადოება”, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, III-IV კლასებში უნდა ისწავლებოდეს მრავალი ვნებათაღელვა გამოიწვია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის მიერ მხოლოდ ამ საგნის სასწავლო გეგმის (სტანდარტისა და წლიური პროგრამის) სამუშაო ვერსიაა მომზადებული.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ საგნის სწავლების მიზნები – მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას სრულად შეესაბამება.

სახალხო დამცველი პოზიტიურად განიხილავს სასწავლო გეგმის შინაარს, რომლის მიხედვითაც, ამ საგანმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; ჰუმანური ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საგანი “მე და საზოგადოება” უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ განათლებამ ,,ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, მშვიდობას და მეგობრობას” და ასევე ბავშვის უფლებათა დეკლარაციის 29-ე მუხლს, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ბავშვი უნდა მომზადდეს “თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისათვის, გაგების, მშვიდობის, ტოლერანტობის, მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის, ყველა ხალხს, ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ ჯგუფებს შორის, აგრეთვე მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის მეგობრობის სულისკვეთებით”.

სახალხო დამცველი რეკომენდაციას უწევს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ამ საგნის მეშვეობით არა მხოლოდ გაამყაროს შემწყნარებლობის ტრადიცია, რომელიც უცხოს, განსხვავებულის ატანას გულისხმობს, არამედ კიდევ უფრო გააძლიეროს ტოლერანტობის კულტურის განვითარება და ამაღლება სკოლებში და ეს აქტივობები ტოლერანტობის პრინციპთა “იუნესკოს” დეკლარაციას (1995 წლის 16 ნოემბერი) დააყრდნოს, რომლის მიხედვითაც, “ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში, ეს მარტო მორალური ვალი კი არა, პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა, რომელიც ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას განაპირობებს”.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატია,,ვენეციის კომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა ინტერპარტიული ჯგუფის სტრასბურგში ვიზიტის შედეგია”