სახალხო დამცველი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად მთავრობის სახელზე წერილს ამზადებს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად მთავრობის სახელზე წერილს ამზადებს. როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საერთაშორისო საბჭოს წევრებთან ორი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ეს იყო.

”საერთაშორისო საბჭოს წევრებთან ერთად გავაანალიზეთ, როგორც წინა წლის რეკომენდაციების შესრულების საკითხი, ასევე მომზადდა ახალი რეკომენდაციები, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში პრიორიტეტული იქნება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

თავის მხრივ, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების საკითხებში მაინა კაიამ აღნიშნა, რომ წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე მომზადდება და ის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება.

”ჩვენ მთელი რიგი საკითხები გავიარეთ შეხვედრაზე და ვისაუბრეთ იმაზე, რომ წერილი მომზადდება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სახელზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება,” – განაცხადა მაინა კაიამ.

ამასთან, საბჭოს წევრებმა პრესკონფერენციაზე დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მუშაობა სამოქალაქო განათლების კუთხით, თუმცა განაცხადეს, რომ სხვა არაერთ სფეროში სამუშაო კიდევ ბევრია.

ევროპის საბჭოს ”HELP in 28”-ის კოორდინატორმა ევა პასტრანამ ყურადღება ანტიდისკრიმინაციულ მიდგომებზე გაამახვილა.

”სახალხო დამცველის აპარატი უნდა გაფართოვდეს და უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი ანტიდისკრიმინაციული მიდგომები. იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი და საკანონმდებლო სტრუქტურები აღნიშნულს გაითვალისწინებენ,”- განაცხადა ევა პასტრანამ.

მრჩეველთა საბჭოს შექმნა სახალხო დამცველის 2013 წლის სამოქმედო სტრატეგიული გეგმის ნაწილია. საბჭოს მიზანს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და ამ კუთხით პრიორიტეტებისა და პერსპექტივების განსაზღვრა წარმოადგენს.

საბჭოს წევრები სახალხო დამცველის აპარატს უკვე მესამედ ეწვივნენ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მოსმენების მასიურ სისტემას
შემდეგი სტატია,,თქვენ ისევე გულმხურვალედ დაუკრავდით ტაშს სტალინს და ლენინს, როგორც მიშას უკრავთ”