სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართავს

სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს არასრულწლოვნების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის და სხვა კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, საკითხის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა არასრულწლოვნებს თ.გ.-ს და ლ.გ.-ს. ასევე, ინფორმაცია გამოითხოვა შსს თერჯოლის პოლიციის მთავარი სამმართველოდან.

“არასრულწლოვან თ.გ.-ს გადმოცემით, 2015 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, იგი თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თერჯოლის ავტოსადგურზე, სადაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ავტომანქანაში ჩასვეს და შსს თერჯოლის პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს. გზაში პოლიციელები მათ მაღაზიების გაქურდვის ფაქტების აღიარებას აიძულებდნენ, არწმუნებდნენ, რომ ისინი დანაშაულის ჩადენის დროს დაფიქსირებული იყვნენ ვიდეოკამერებზე. ასევე, ეკითხებოდნენ, ვინ მოიხმარდა მათ სოფლებში ნარკოტიკულ საშუალებებს. ემუქრებოდნენ ციხეში ჩასმით, სადაც გააუპატიურებდნენ.

ლ.გ.-ს გადმოცემით, ის პოლიციის შენობაში შეიყვანეს 2015 წლის 15 დეკემბერს დაახლოებით 22:00 საათზე, ხოლო გაათავისუფლეს 16 დეკემბერს დილის 06:00 საათზე. რვა საათის მანძილზე მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ტელეფონები და არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება. ლ.გ.-მ აღნიშნა, რომ ის შეიყვანეს ერთ-ერთ კაბინეტში, სადაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გახადეს ტანსაცმელი, აიძულებდნენ მაღაზიის ქურდობის ფაქტის აღიარებას.

აღსანიშნავია, რომ საუბარია 13 და 14 წლის არასრულწლოვნებზე, რომელთა დაცვა და მათ მიმართ სათანადო მოპყრობა სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებას წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირომის პაპის თვითმფრინავის პილოტი ლაზერით დააბრმავეს
შემდეგი სტატიაიტალიამ ერდოღანის ვაჟზე გამოძიება დაიწყო