სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო

საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო, – ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა.

შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფო ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას, თუმცა, 11 მარტის მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლისა დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. მათ დაუყოვნებლივ მოინახულეს ექვსივე დაკავებული, ვინც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მათგანი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ საუბრობდა.

სამწუხაროა, რომ აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება, ავტომანქანებისა და ქონების განადგურება. სახალხო დამცველი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ვანდალიზმის მსგავს გამოვლინებას. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას, მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანთა უფლებებს, საფრთხე არ შეუქმნან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ფართომასშტაბიანი ძალადობის პრევენცია მაინც ვერ მოხდა. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ გაანალიზებას საჭიროებს რამდენად მზადაა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცავი სისტემა დროულად და ეფექტურად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს და არსებობს თუ არა ეფექტური რეაგირების გეგმა, რომელიც შეეცდებოდა მოვლენების პრევენციას და შემდეგ განმუხტავდა უკიდურესად დაძაბულ ვითარებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატარონ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის და სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით. ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება იმისთვის, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება იყოს დაცული და კანონის დამრღვევმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. ამასთან, გამოძიებული უნდა იყოს პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი.

გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი მოქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი. სახელმწიფო ხელისუფლებას აღნიშნულ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემის ვალდებულება აკისრია, რაც ეფექტური და ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგი უნდა იყოს. ამასთან, მიუღებელია, რომ შექმნილი ვითარება იქნეს პოლიტიზებული და პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცეს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შეისწავლოს ხარვეზები, რომლებიც სამართალდამცავ უწყებებს კრიზისების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით გააჩნიათ“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

banner
წინა სტატიაშიპირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება – გიორგი მღებრიშვილი
შემდეგი სტატიაზარალი საკმაოდ დიდია, დაახლოებით 10-მდე მანქანა არის დამწვარი-ზურაბ პატარიძე