“საიდუმლო ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან არ იცის ამ საქმის შესახებ არაფერი, გარდა იმისა, რაც გუშინ ეთერში იყო.

”მე არ ვიცი ვინ ვის რას უგზავნიდა. ვიცი ის, რომ მოხდა კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა(გოდერძი ორმოცაძე) თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა სამსახურებრივი ან ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, საერთოდ არ მაინტერესებს იმ პირის სახელი და გვარი”, -განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, გოდერძი ორმოცაძე მან გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროში მისვლისთანავე, როგორც გაიგო ამ ფაქტის შესახებ.

”მე არ ვიცი იცოდა თუ არა მაშინდელმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, თუმცა ის ამბობს, რომ მინისტრის დავალება ჰქოდა. ჩემი აზრით, გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. ეს ამბავი ახალი არ არის, თქვენ გაიგეთ გუშინ, თორემ ამის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე ძალიან დიდი ხანია იციან”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, როგორ მოხვდა შემდგომ ორმოცაძე ”დელტაში”, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ”დელტაში” ბევრი უცნაური რამ ხდება. ”დელტა” იყო ერთადერთი ადგილი თავდაცვის სამინისტროში, რომელიც სამწუხაროდ, ჩემთვის დიდწილად ხელშეუხებელი აღმოჩნდა და იქ ძალიან ბევრი უცნაური ამბები ხდება, ეს არ არის ერთადერთი”, -განაცხადა ხიდაშელმა.

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებას და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომას შეეხებოდა.

banner
წინა სტატიაში“მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი” – თინა ხიდაშელი იზორიას დანიშვნაზე
შემდეგი სტატიატაჯიკ ჟურნალისტებს ენის ნორმების დარღვევისთვის დააჯარიმებენ