საია: გიორგანაშვილის განაჩენი არაპროპორციულია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას საქმის განხილვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მათი თქმით, მოსამართლემ მსახიობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მიღებამდე საქმის განხილვა არ შეაჩერა. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, არსებობდა ძლიერი არგუმენტები, იმის თაობაზე, რომ 0,37 გრამი “ბუპრენორფინის” შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაპროპორციული და ასევე კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო სასჯელია.

საიას იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევაში მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უნდა მიემართა.

“საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეული იყოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.” – აცხადებს გოცირიძე.

23 იანვარს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით, პროკურატურამ გიორგანაშვილის განაჩენზე განცხადება გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნების მკვლელობის საქმე – სასამართლოს დღეს ბრალდების და დაცვის მხარეები მიმართავენ
შემდეგი სტატია“ბახალას” მხარდასაჭერად – სამოქალაქო სექტორი მთავრობის ადმინისტრაციასთან მასშტაბურ აქციას გამართავს