საგარეო უწყება ტელეკომპანია იმედს პასუხობს

საგ2016 წლის 2 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში “ქრონიკა 20.00 საათზე” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა საბერძნეთში 2012 წელს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს სიმონ კარანაძესა და ხათუნა გოგსაძის საქმეს.
სიუჟეტში დაკავებულის ნათესავზე დაყრდნობით ავტორმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ თითქოს მათ გარკვეულ საკითხებზე დახმარების თხოვნით წერილობით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რაზეც პასუხი არ მიუღიათ.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებულების ოჯახის წევრებს მხრიდან არც წერილობითი და არც ზეპირი თხოვნა არ შემოსულა.
ამასთან გვსურს გაცნობოთ, რომ ოჯახის წევრების წერილობითი თუ ზეპირი მომართვის გარეშეც აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა საბერძნეთში უკვე რამდენიმე წელია ინტენსიურად ახორციელებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც ეხება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას საზღვარგარეთ.
კერძოდ:
საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ საბერძნეთში საქართველოს საელჩოსათვის ცნობილი გახდა 2012 წელს და მათ მომხდარის თაობაზე მოახდინეს ცენტრალური აპარატის ინფორმირება.
წინასწარი პატიმრობის პერიოდში, 2012 წლის 2 ნოემბერს თებეს ელეონას ქალთა ციხეში საქართველოს კონსულმა მოინახულა დაკავებული საქართველოს მოქალქე ხათუნა გოგსაძე.
2012 წლის 8 ნოემბერს ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული შეხვდა მეორე დაკავებულს, ასევე საქართველოს მოქალაქეს სიმონ კარანაძეს, რომელიც იმყოფებოდა ქ. სერესის პოლიციის განყოფილებაში ხუთი თვის განმავლობაში. ქ. სალონიკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ და ქ. ათენში საქართველოს საკონსულომ გაატარეს შესაბამისი მოქმედებები, რის შედეგადაც სიმონ კარანაძე 2012 წლის 16 ნოემბერს გადაყვანილ იქნა სერესის ოლქის ნიღრიტას საპატიმრო დაწესებულებაში.
სიმონ კარანაძის უფლებების დარღვევის შესახებ (პოლიციის განყოფილებაში ხუთი თვის განმავლობაში ყოფნის თაობაზე) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინფორმაცია მიაწოდა საბერძნეთის სახალხო დამცველს 2012 წლის 5 დეკემბერს მასთან გამართული შეხვედრის დროს და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.
საელჩომ დახმარება გაუწია ხათუნა გოგსაძეს მისი არასრულწლოვანი შვილის გურამ კარანაძის პასპორტის გაცემის საკითხში, კერძოდ, 2013 წლის 30 იანვარს შედგა მასთან შეხვედრა, რომელსაც გადაეცა შვილის პასპორტის მისაღებად საჭირო თანხმობის ბერძნულ ენაზე შედგენილი ტექსტი. მსგავსი ტექსტი აგრეთვე გადაეგზავნა სიმონ კარანაძესაც.
2013 წლის 20 სექტემბერს საელჩოს კონსული დაესწრო სიმონ კარანაძისა და მისი მეუღლის ხათუნა გოგსაძის სასამართლო პროცესს ქ. პრევეზაში.
საელჩოს საკონსულო სამსახურს სისტემატური კავშირი ჰქონდა სიმონ კარანაძის დედასთან ქალბატონ ჟანა კარანაძესთან და თავად სიმონ კარანაძესთან.
ძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით საელჩოს საკონსულო სამსახური სისტემატურად კავშირში იმყოფებოდა როგორც საბერძნეთის სამართალდამცავ უწყებებთან, ისე საქართველოს მოქალაქეების ადვოკატთან ანდრეას ილიაკისთან.
მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილია ადვოკატის შეხვედრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.
2016 წლის 12 მაისს გაიმართება სიმონ კარანაძის და ხათუნა გოგსაძის სააპელაციო სასამართლო, რომელზეც იგეგმება საელჩოს წარმომადგენლის დასწრება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო თხოვნით მიმართავს როგორც მედია საშუალებებს, ასევე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და უნებლიედ მოახდინოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია.

banner
წინა სტატიაშიოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დღეს გამართულ აუქციონზე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა” შეისყიდა
შემდეგი სტატიაიტალიის სასამართლო – საჭმლის მოპარვა დანაშაული არ არის