საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად დავით ზალკალიანი და ზვიად გონაძე დაინიშნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 8 იანვრის #3 ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანი, #4 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ზვიად გონაძე დაინიშნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანს გააჩნია დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2012-2014 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა; 2004-2007 წლებში გახლდათ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში; 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2015 წლიდან 2016 წლის 7 იანვრამდე იყო “ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის” აღმასრულებელ დირექტორი.
რაც შეეხება ზვიად გონაძეს, სამინისტროს ინფორმაციით, მას გააჩნია საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. 2012 – 2016 წწ-ში იყო სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორი. სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და პრეზიდენტის კანცელარიაში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი. ზვიად გონაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური განათლება – 1994 წელს დაამთავრა აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა.
საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის პოზიციებზე ასევე რჩებიან დავით დონდუა, დავით ჯალაღანია, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე.

banner
წინა სტატიაშინარმანიას მერობიდან გაუშვებენ, სანაცვლოდ კი ,,ქართული ოცნების“ სიის ათეულს ინაღდებს
შემდეგი სტატიაბარაკ ობამამ აშშ-ში იარაღის ლობისტები ტყუილში დაადანაშაულა