საგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე, მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და ამავდროულად, იბეგრება აქციზის გადასახადით.

ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა – „სიმ-ბოქსის“ საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე. შესაბამისად, დანაშაულებრივი ჯგუფების ამგვარი ქმედება, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა ქართულ სატალეფონო კომპანიებს და სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე აფერხებდა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ბათუმსა და თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია 10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა „სიმ – ბოქსი“.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 185-ე, 192-ე და 218 – ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული პირების იდენტიფიცირების, ასევე, უკანონოდ განთავსებული „სიმ-ბოქსები“-ს აღმოჩენის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში, ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა
შემდეგი სტატიაწვიმა და თოვლი – უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს